დავით მაღრაძე მესამე სექტორს აკრიტიკებს - "სამოქალაქო საზოგადოებად არ ინიშნებიან, ეს არ არის დანიშვნითი პოსტი"

18:10 11-24-2018
147

მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" მიერ, რუსთავში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, პოეტმა დავით მაღრაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

მაღრაძემ ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას სამოქალაქო საზოგადოება უწოდა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მათ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განასხვავებთ:

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა რატომღაც დაირქვეს, რომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება. იმხელა ძალაუფლება ჰქონდა მერაბიშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას", რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ნიშნავდნენ თუ მოინდომებდნენ იმ დღეიდან ადამიანი გახდებოდა ენჯეოშნიკი და ასე იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოება. ვთქვათ კაპიტანი გიგაური, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მერე მერაბიშვილმა გადაიფიქრა და დანიშნა სამოქალაქო სექტორად. დღეს მუშაობს სამოქალაქო სექტორში, კიდევ არიან სხვებიც. გვარებს ვერ ვიხსენებ, რომლებსაც თავი სამოქალაქო საზოგადოების წევრებად მიაჩნიათ. უნდა გავუცრუო იმედი ყველა მათგანს, რადგანაც სამოქალაქო საზოგადოებად ადამიანები არ ინიშნებიან, ეს არ არის დანიშვნითი პოსტი, სამოქალაქო საზოგადოება ვართ ჩვენ, ვინც ამ დარბაზში ვართ, სამოქალაქო საზოგადოება ბრძანდებით თქვენ. სამოქალაქო საზოგადოება იცავდა თავისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მოძალადე რეჟიმის დროს აი, ის იყო სამოქალაქო საზოგადოება.

ეს ხალხი არ მახსოვს, აი დღევანდელი თვითმარქვია არასამთავრობოების, თავმჯდომარეები და წარმომადგენლები არ მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიცავდით სიტყვის თავისუფლებას, როცა ამტვრევდნენ და ტეხავდნენ დამოუკიდებელ ტელეარხებს, როცა სცემდნენ, აპარატურას ართმევდნენ და თავზე ამტვრევდნენ ჟურნალისტებს ეს ხალხი მე თუ მახსოვს, მხოლოდ მოძალადის მხრიდან. მაგრამ ღმერთმა ინება და ხალხმაც ინება, რომ ყველას თავის სახელი ჰქვია, რაც უნდა ჩაწერონ თავიანთ სივიში ზუსტად ვიცით, ის ხალხი ვინც თავისუფლებას იცავს, ვინც მეორე ადამიანის უფლებას იცავს, ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა და იბრძვის", - განაცხადა პოეტმა რუსთავში, შეკრებაზე "მე ვიცავ თავისუფლებას".