ავტორი: თამუნა დალაქიშვილი
ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ყველაზე მძიმე საარჩევნო მარათონით გამორჩეული არჩევნები აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, მსგავსი კამპანია, როგორც პიარის სპეციალისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, ქართული არჩევნების ისტორიაში, თითქმის არ ყოფილა. რაზე რეაგირებს ამომრჩეველი, როგორი პიარი და პროპაგანდა სჭირდება მას, რას უთვლის კანდიდატს ხარვეზად და რას – არა, და ზოგადად, აქვს თუ არა ქართველ ამომრჩეველს სპეციფიკური ფსიქოლოგიური მახასიათებლები? ამ შეკითხვებით „პრაიმტაიმმა“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს მიმართა.
– ბატონო რამაზ, რა სპეციფიკითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა ქართველი ამომრჩეველი?
– განსაკუთრებულ სპეციფიკურობაზე თავს ვერ დავდებთ. რასაც ქართველ ამომრჩევლებს ხშირად უჩივიან პოლიტიკოსები ან ანალიტიკოსები, რომ ჩვენი ამომრჩეველი ემოციებით ხელმძღვანელობს, მართალია, თუმცა, ამ მხრივ, სხვა ქვეყნებშიც იგივე მდგომარეობაა. ჩვენ გვინახავს ამერიკის საარჩევნო კამპანია, სადაც შოუდ არის გადაქცეული კანდიდატების შეხვედრები ამომრჩეველთან. შოუ ემოციების წყაროა, საზოგადოებას თავისი ძირითადი რეაქციები ემოციებში აქვს გამოხატული. თუ ჩვენ ხალხს მოვთხოვთ აზროვნებას, დალაგებას, დაგეგმვასა და გახსენებას, არ ვიქნებით მართალი. ეს არ არის ხალხის საქმე, ამისთვის არსებობენ პარტიები, რომლებმაც უნდა გაიაზრონ, დაალაგონ და მერე შესთავაზონ ხალხს. თუ მათ ეს მოეწონებათ, ანუ ისევ ემოციაში გადადის პროცესი, დაუჭერენ მხარს, თუ არა და – არა. ჩვენ ცოტა მეტად ემოციური ხალხი ვართ და შესაძლოა, ლოგიკური არგუმენტები ნაკლებიც კი გვქონდეს, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში თუ ნახეს, რომ კანდიდატს პირად ცხოვრებაში აქვს ბევრი ხარვეზი, მას არ აირჩევენ მაღალ თანამდებობებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელიც თავის პირად ცხოვრებაში ვერ ალაგებს პრობლემებს, ის ვერც სახელმწიფოს პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
– რა ითვლება პირად ცხოვრებაში ხარვეზად?
– გაგახსენებთ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ისტორიას. ერთი შეხედვით, თითქოს ეს მაგიდისქვეშა რომანი იყო ხარვეზი, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი მიუღებელია და ხარვეზად გახადეს ტყუილი. თუ პრეზიდენტი ტყუის ერთ რამეში, მან შეიძლება თქვას ტყუილი ბევრ სხვა რამეშიც და თითქმის პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე იყო მისული საქმე. ეს კულტურის სფეროა და არა – დემოკრატიის. იგივე ნომერი გაიმეორეს ფრანგებმა, როცა ფრანსუა მიტერანს უპოვეს უკანონო ოჯახი და შვილი. ყველა თვლიდა, რომ ფრანგებიც ამ ისტორიას ისეთ რეაქციას მისცემდნენ, რაც ამერიკელებმა მისცეს, მაგრამ საფრანგეთმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვა ფრანსუა მიტერანი, მაგარი მამაკაცი ყოფილაო, ასეთი პოზიცია დაიკავეს. ყველა კულტურას თავისი ღირებულებები აქვს. ჩვენ რა ღირებულებებით ვხელმძღვანელობთ? ამ საარჩევნო კამპანიამ გამოამჟღავნა ერთი რამ – ჩვენ ძალიან მგრძნობიარე აღმოვჩნდით ფრაზის მიმართ, რომ ომი დაიწყეს ქართველებმა. ეს ფრაგმენტი და კიდევ უამრავი სხვა ფრაგმენტია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, როცა ჩვენ ძალიან მტკივნეული რეაქცია გვაქვს, თუ ვინმემ გაგვაკრიტიკა. შეიძლება ეს კრიტიკა სამართლიანი იყოს, შესაძლოა უსამართლო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავისთავად კრიტიკა ჩვენთვის არის მტრად გახდომის პირობა. ის არავის უკითხავს, სწორი იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი, ყველას ჰქონდა დამოკიდებულება, როგორ დაადანაშაულა საქართველო. მეტი სადარდებელი ამ ფრაზაში სხვა არაფერი იყო, არადა შესაძლოა ამ ადამიანმა საქართველო სამართლიანად დაადანაშაულა, მაგრამ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, საქართველო არ უნდა იყოს დამნაშავე. არ მინდა, ვინმეს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ჩვენთანაც ითვლება რაღაცები ხარვეზად, ოღონდ ეს სულ არ ნიშნავს, რომ სექსუალური ცხოვრების თავისებურებებთან დაკავშირებულ მოვლენებს გადამწყვეტი როლი უკავია. ოდითგან იყო და ცნობილია, პატარა ბიჭი დამეკარგა, ცისფერპერანგაო, მღეროდა ყარაჩოხელი ისე, რომ არ აწუხებდა არავინ, თან ბიჭის დაკარგვას ჩიოდა სწორედ. პოლიტიკურ და საჯარო სივრცეში ამ თემის გათამაშებას აქვს თავისი, მწვავე რეაქცია, და ალბათ, ჩვენს ერთ-ერთ სპეციფიკად ესეც ჩაითვლება.
– ტყუილი ახსენეთ, როგორ რეაგირებს ამომრჩეველი ტყუილზე, ტყუილ დაპირებაზე? რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამომრჩეველმა იცის და ეს ხშირად ასეა, რომ კანდიდატი მას ატყუებს და მაინც ატყუებინებს თავს, პოლიტიკოსმაც იცის, რომ უხვ დაპირებებს, რასაც გასცემს, ვერ შეასრულებს, და მაინც იტყუება.
– ეს არ არის ქართული სპეციფიკა, რადგან ის პოზიცია, რომ პოლიტიკოსები ყოველთვის თუ არა, მეტ-ნაკლებად ტყუიან, ყველა ქვეყანაში არსებობს. შეიძლება ვცდებოდე ნიუანსებში, მაგრამ დათვლილია, რომ საარჩევნო დაპირებების საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი პოლიტიკოსებს შესრულებული არ აქვთ და ეს ეხება ყველა ქვეყანას. ისეც არ არის, რომ მაინცდამაინც ჯინით არ ასრულებენ პოლიტიკოსები ამ დაპირებებს. არის რაღაც-რაღაცები, რომელსაც ვერ ერევიან და ამის გამო ვერ უწევთ დაპირებების შესრულება, როცა ვამბობთ, აი, რომ დაგვპირდა? რომ დაგვპირდა, ეგონა, რომ შეასრულებდა, მაგრამ რომ მივიდა, ნახა, რომ სხვა მოვლენებია და თავს ზემოთ ძალა არაა. ხანდახან სასწორზე იდება ისეთი სხვა მოვლენები, რომლებსაც პოლიტიკოსი ვერ გადააბიჯებს. ეს გასაკვირი არაა. ჩვენ რა, ყოველთვის ვასრულებთ გაცილებით პატარა მასშტაბის პირობებს? მაშინ, როდესაც ჩვენი პირობის შესრულება ხშირად მხოლოდ ჩვენზეა ხოლმე დამოკიდებული, სახელმწიფო მასშტაბის პირობის შესრულება უმეტესწილად – სხვებზე. შეიძლება პოლიტიკოსმა იმიტომ ვერ შეასრულოს პირობა, რომ იმ სხვებს ვერ მოერიოს. პირობის შეუსრულებლობაში უკმაყოფილების ძალიან სერიოზული მიზეზების ძებნა არც სწორია და არც ბუნებრივი, რადგან ცხოვრებაში არის ბევრი პირობა, რომელიც ვერ შესრულდა, მაგრამ არა უშავს, ამას არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, ე.ი. პოლიტიკაშიც არ მივაქცევდით ამას დიდ ყურადღებას. აბა, დავაკვირდეთ, ამომრჩეველი უკმაყოფილოა არა იმიტომ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსმა დანაპირები ვერ შეასრულა, უკმაყოფილოა იმ მდგომარეობით, რომელშიც ის არის.
– რა სახის პიარი და პროპაგანდა ახდენს გავლენას ჩვენს ამომრჩეველზე, არც ამ მხრივ არ ვართ გამორჩეულები?
– არის პროპაგანდის ზოგადი კანონები, რომ არ უნდა გაკეთდეს აქცენტი ნეგატივზე. თავის დროზე, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უცნობის სიმღერა „ქვეყანაშია ფერები მუქი“ გამოიყენა ფონად საარჩევნო კამპანიის დროს და ის არჩევნები წააგო. იმ დროს, ედპ ძლიერი პარტია იყო და ის არჩევნები არ უნდა წაეგო. ბევრს მიაჩნია, რომ ნეგატივზე გაკეთებული აქცენტის გამო წააგო. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ასე ხდება, მაგალითად, ის, რომ მიუღებელია საბჭოთა ხელისუფლება და ხმა მივცეთ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც რა იყო, ზედმიწევნით ჩვენ კი არა, ლიდერებმა არ იცოდნენ. ამართლებდა. სახელდახელოდ დაწყებულ პროპაგანდას ხალხმა ხმა მისცა. მერე იყო მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, აქაც იმარჯვებს ნეგატივზე აწყობილი პროცესი. აბა, ის, პროპაგანდის ზოგადი კანონი რას შვრება? აქ შესაძლოა, არის ის სპეციფიკა და თავისებურება, რაც ჩვენ გვახასიათებს. ფსიქოლოგიაში არის ლოკუს კონტროლის ტესტი, რომელიც ამერიკელმა ფსიქოლოგმა როტერმა შემოიტანა. ტესტის შედეგად ირკვევა, ადამიანს სად ეგულება თავისი ცხოვრების მიზეზი, თავის თავში თუ გარემოში. როდესაც ადამიანი გარემოზეა ორიენტირებული, ის ხვდება ბევრ სირთულეს, მოქმედებს მცდარად და ა.შ. ასეთი ადამიანი, თუ ცუდად ცხოვრობს, თავის თავს არ აბრალებს მიზეზებს, აბრალებს სხვას, რომელიც ყოველთვის მოიძებნება, არის მეგობარი, უფროსი, საბოლოო ჯამში სახელმწიფო. მე ცუდად ვცხოვრობ, იმიტომ რომ არ ვარგა ჩემი ხელისუფლება, არ ვარგა მთელი მსოფლიო, რუსეთი ღორია, ევროპა – უუნარო, უამრავ მიზეზს იპოვი, და არ დასვამ კითხვას, გავაკეთე მე ჩემი მაქსიმუმი, რომ ცუდად არ მეცხოვრა ამ მეზობლის, მეგობრის, სახელმწიფოს გარემოში? ქართველი ასე არ სვამს საკითხს. ის მიმართულია იმაზე, რომ სხვა არის დამნაშავე. თუ დავაკვირდებით, პოლიტიკოსები არასდროს არ აკრიტიკებენ ხალხს, ეუბნებიან, შენ მართალი ხარ, მაგრამ ის არის დამნაშავე, რომ მრისხანება იმ სხვისკენ იყოს მიმართული. ერთი ილია იყო, რომელიც ამბობდა, ამისთანა ბედნიერი არის სადმე კიდევ ერიო და ლუარსაბ თათქარიძე გამოიყვანა, აკრიტიკებდა ბევრ რაღაცას და მოხვდა კიდეც ტყვია შუბლში. იგივე ელემენტია, რაც ჩვენ ვახსენეთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე, რომელსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. კრიტიკის მიუღებლობა და მიზეზების გარეთ ძებნა არის ჩვენი მახასიათებელი, ამ შემთხვევაში შესანიშნავად აქვთ აწყობილი პროპაგანდისტული მანქანა ნაციონალებს. ცოცხალი მაგალითია ეს, სულ იმაზე არიან აწყობილი, რა დააშავა „ქართულმა ოცნებამ“, ამ მხრივ ურტყამენ, საითაც გადადის მთელი ყურადღება. თვითონ რა დააშავეს, ამას საერთოდ არ ახსენებენ. ერთადერთი იმას არ იხსენებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდა, იმიტომ რომ ეს მათ ეხება.
– სოციალური ცენზი როგორ მოქმედებს ამომრჩევლის ფსიქოლოგიაზე? როგორი განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ საზოგადოებას შორის გაკეთებული არჩევანის მიხედვით?
– ეს ჭრილი ამ ანალიზში აუცილებლად უნდა არსებობდეს, საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა, რასაკვირველია, მოქმედებს არჩევანზე. ალბათ, გაჭირვებული ადამიანი სხვა არჩევანს აკეთებს, მდიდარი – სხვას. ეს თამაში, შენ ხმა მოიტა, მე ფულს მოგცემ, რაზეც დროდადრო ჩვენთან არის ხოლმე საუბრები, ძალიანაც ნუ გაგვაკვირვებს. ხმების მოპოვების ეს გათვლა ძლიერ, განვითარებულ ქვეყნებშიც „მოსულა“, ოღონდ არაგანვითარებულ მოსახლეობასთან. მე ერთი მაგალითიც გამახსენდა, არ ვიცი, რამდენად სწორად ასახავს პასუხს ამ კითხვაზე. ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო რუსეთი, როცა იქ მოხდა რევოლუცია. ხომ არ არის მიდრეკილება იმისკენ, მოხდეს რევოლუციები და დაინგრეს არსებული სისტემა, ასეთი ღარიბი ქვეყნების ბედი, რადგან ღარიბ ქვეყანაში მოქალაქეებს სტაბილურობა არაფრად უღირთ, დესტაბილიზაციის პირობებში ისინი ისევ ისე იქნებიან, როგორც არიან. ამიტომაცაა, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ქვეყანა აძლიერებს საშუალო ფენას, როგორც სტაბილურობის გარანტს. ეს ეკონომიკური კატეგორია ცდილობს, ქვეყანა იყოს სტაბილური, რათა არ დაკარგოს ის მდგომარეობა, რაც გააჩნია, თუ დესტაბილიზაცია დაიწყო. ასეთ საზოგადოებაში, საკმაოდ დიდია ის კატეგორია, რომელიც ფიქრობს დესტაბილიზაციაზე, რომ რამეს გამოჰკრას ხელი, რადგან რევოლუციებში სწორედ ასე ხდება – ძალიან ხშირად ხომ ქვემოთ მყოფები ზემოთ ადიან. ის, რომ რევოლუციებისკენ ადვილია იმ ხალხის გადმოყვანა, ვინც ნაკლებად შეძლებულია, ახლაც ჩანს. მიშასა და ვაშაძის კამპანია ძირითადად რევოლუციაზეა აწყობილი, რადგან მათ ეგულებათ ის ელექტორატი, რომელიც რევოლუციაზე იოლად მიდის. სწორედ ეს ელექტორატია, რომელიც ისევ მიშასკენ მიიწევს. თუმცა ის, რომ რევოლუციები ჩვენნაირ ღარიბ ქვეყნებს კიდევ უფრო აღარიბებს და ეს არის ხარვეზიანი პრინციპი, ხომ სალაპარაკოც არ არის.
– ჩვენ უკვე დიდი საარჩევნო გამოცდილება გვაქვს. ამის მიუხედავად, რატომ არის კვლავ და კვლავ ყველა არჩევნები ორპოლუსიანი და რატომ ვართ კვლავ ორიენტირებული პერსონებსა და ლიდერებზე?
– ეს ყველგან ასე არ არის, ოღონდ ჯერჯერობით. ევროპა ცდილობს, ასცდეს ამ სტანდარტს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება აზიურ ქვეყნებში, სადაც ძალიან პოპულარულია ლიდერის ეს ტიპი. აგერ ამერიკა ავიღოთ, ტრამპი, წმინდა წყლის ქარიზმატული ლიდერია, თავისი ქოჩრით. ამაში არაბუნებრივი არაფერია, უამრავი ექსპერიმენტი ტარდება, მათ შორის ცხოველებზეც. მათ, რომლებიც ცხოვრობენ გუნდად, ჯოგურად, აუცილებლად ჰყავთ ლიდერი, არსებული ლიდერი რომ ამოიღო, ჩნდება ახალი ლიდერი, გუნდს ლიდერის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ორი არსებაც კი უკვე გუნდია, ორ ადამიანში ერთ-ერთი არის ლიდერი. ლიდერი, რომელიც ხშირად გაუგებარიც კია, როგორ ხდება ლიდერი, არის ქარიზმატული. მენეჯმენტის ფსიქოლოგიის მიხედვით, ქარიზმატული ლიდერი მოხსენიებულია, როგორც ყველაზე ქმედითი ლიდერი, ოღონდ ყველაზე საუკეთესო ნამდვილად არ არის. ეს ყველას არ ეხება, რეიგანი ხალხისთვის ქარიზმატული ლიდერი იყო, მაგრამ გუნდზე ზეწოლას არ ახდენდა, თვითონ ბევრ საკითხზე წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა კარგი გუნდის შეკრება, და მას ყურს უგდებდა. იმის თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ორიენტაცია პერსონებზე, არ არის სწორი, ნუ მოვთხოვთ ჩვენს ხალხს, ლიდერი არ უნდოდეს, პირიქით, მოვთხოვოთ, რომ კარგი ლიდერი გვყავდეს და გასახარად გვქონდეს საქმე.
– ამ ნიშნით აირჩია ქვეყნის წინა პრეზიდენტები ხალხმა? რა იყო მთავარი, რის გამოც მათზე აკეთებდა არჩევანს ელექტორატი?
– ყველაზე ნაკლები ქარიზმატული ფაქტორი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს, მას პრაქტიკულად არ ჰქონდა ქარიზმა. მის შემთხვევაში მთავარი იყო გარემოებები. დანგრეულ ქვეყანაში, სადაც ცენტრალურ ქუჩებში ისროდნენ, ედუარდ შევარდნაძე იყო პიროვნება, რომლის მიმართ ხალხს ჰქონდა დამოკიდებულება, ეგებ რამე გვიშველოსო. მის მიმართ ხალხს სიყვარული არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ახლა რომ გადაზომო საწყისი წერტილი ქვეყნისა, რაც ჩაიბარა შევარდნაძემ და ის მდგომარეობა, რაშიც მან ქვეყანა დატოვა, ყველაზე დიდი სხვაობა მასთან არის. როცა ჩერჩილი სტალინს აფასებდა, მთავარი, რასაც აღიარებდა: მან ჩაიბარა ტყაპუჭიანი რუსეთი და ის ატომური იარაღით შეიარაღებულ ქვეყნად დატოვაო. პრეზიდენტები ამით ფასდებიან. ედუარდ შევარდნაძემ ისეთი პრობლემები გადაუწყვიტა ქვეყანას, მის გადაწყვეტას ბევრი ვერ მოახერხებდა. კაციშვილს არ უთქვამს მისთვის მადლობა ჩვენს პოლიტიკურ სიბრტყეში, მის მიმართ მადლიერების გრძნობაც კი არ გვაქვს, იმიტომ რომ არ იყო ქარიზმატული ლიდერი, მაშინ როდესაც ქარიზმატულ ლიდერს ყველაფერზე მადლობას ვეუბნებით, განათებულ ქუჩებზეც კი, რაც მიშა სააკაშვილის უდავო დამსახურებაა. იერი,კი ბატონო, კარგი იერი მისცა თბილისს, ბათუმს, სხვა ქალაქებს, მაგრამ, რომ იძახის, მე ვაქციე ქვეყანა სახელმწიფოდო, მიშაა და ასე იტყვის, თორემ მას არ გაუკეთებია ნულოვანი საწყისიდან იმ საქმის ანალოგი, რაც ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა. ზვიად გამსახურდია იყო პირობების პროდუქტი, როდესაც მიუღებლები აღმოჩნდნენ კომუნისტები, თუმცა მის იმიჯშიც იყო ქარიზმატულობა. დამოკიდებულება, ეს კომუნისტებს ებრძვის, იყო მთავარი, დანარჩენს აღარ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, შეცდომას უშვებდა თუ არა. მან ხელისუფლება ერთი წელიც კი ვერ შეინარჩუნა, რადგან, როგორც ახლა მისი მომხრეებიც უკვე ამბობენ, მას არ ჰქონდა მართვის გამოცდილება. ჩვენ ვთვლით, რომ ზვიად გამსახურდიას ჰყავდა მოღალატეები, მაგრამ პოლიტიკა ასეა – ხან მოღალატე აღმოჩნდება ვიღაც, ხან მტერი, შენი საწოლის ქვეშ, მაგრამ თუ პოლიტიკოსი ხარ, მათ უნდა გაუმკლავდე. ზვიად გამსახურდიას პიროვნებაში ბევრი ელემენტი იყო მომხიბვლელი, რაც დაკავშირებული იყო მის ოჯახთან, გარეგნობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე პოლიტიკაში.
– გარეგნობაც კი?
– გარეგნულ ელემენტებს, რასაც არ აქვს დიდი კავშირი ქვეყნის შენებასთან, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს პოლიტიკოსის მიმართ. ზურაბ ჟვანიას მაგალითს გაგახსენებთ. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო. როცა რეფორმატორები გამოეყვნენ და დაუპირისპირდნენ ედუარდ შევარდნაძეს, ყველა თვლიდა, რომ ზურაბ ჟვანია იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანი, მაგრამ მან თავადაც იცოდა, რომ ის ვერ გახდებოდა წამყვანი ფიგურა პოლიტიკურ არენაზე. გარეგნობა არ უწყობდა ხელს. ერთხელ მითხრა კიდეც ჩვეული ხუმრობით: რამაზ, ამიხსენი, სამი შვილი მყავს, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ამათ დამანებონ თავი ჭორებითო. მე ვუთხარი, სხვანაირი ხმით უნდა ილაპარაკო-მეთქი. მიშა იყო ახალგაზრდა კაცი, ზურაც იყო ახალგაზრდა, მიშა იყო ენერგიული, ზურაც იყო ენერგიული, მაგრამ მიშამ ახალგაზრდული ასაკისა და ენერგიულობის გარდა, ძალიან კარგად აითვისა ის, რაც იმ დროს იყო საჭირო. ის ქმნიდა სურათებს, მისი ენერგია საგრძნობი იყო მოსახლეობისთვის. ჭკუა ნაკლებად აინტერესებდა ვინმეს, მიშა დარბოდა სახურავებზე, მთავრობის სხდომებს მართავდა გამოქვაბულებში, დაატარებდა თავის მეუღლეს და ამღერებდა მეგრულად, რაც მოსწონდა ხალხს. მიშა პიარის ელემენტებს იყენებდა მაქსიმალურად. რა იყო მისი პროგრამა – ის, რაც აწუხებდა ხალხს, თორემ იმსისქე პროგრამებს რომ წერენ, წაკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ფეხზე რომ დაგეცეს, ფეხი მოგტყდება. მიშა ისროდა ერთ მესიჯს და იმას მიჰყვებოდა ხალხი. როცა კანდიდატს პიროვნულად აქვს მგრძნობელობა და კარგად გრძნობს, რას აძლევს ხალხი ხმას, ეს კარგია. ეს გრძნობა ქალებს მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს, ქალი უკეთესად გრძნობს, ვის რა მოსწონს. ეტყობა, მიშა სააკაშვილი ქალებთან რომ არის გაზრდილი, ეს გრძნობა განუვითარდა.
რაც შეეხება ორ არჩევანს, რატომ ორი? აგერ ამ არჩევნებზე რამდენი პარტია იყო, სხვა კანდიდატებიც უკვე რეალურად იგრძნობოდნენ. ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ ერთი რამ, ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის ისე ეფექტური, როგორიც საჭიროა. რატომ გვყავს არჩევნებში ორი პარტია, იმიტომ რომ არ არის მეტი. ორი პარტიაც იმის ხარჯზეა, რომ ნაციონალები სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ, მათთვის სახიფათო იყო არენიდან წასვლა. იმდენი დანაშაული ჰქონდათ, „მოქალაქეთა კავშირივით“ რომ ჩაეყვინთათ, სათითაოდ დაიჭერდნენ. მათ პოლიტიკა გამოიყენეს გადასარჩენად, თორემ გვინახავს სხვა პარტიები, რომლებიც წაგების შემდეგ დავიწყებას ეძლეოდნენ. ასე, მათ მსგავსად, გაქრებოდნენ ნაციონალებიც. მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ცოდვა ჰქონდათ, ამ ცოდვებმა აიძულეს, ხელი გაენძრიათ. სხვა შემთხვევაში დაგვრჩებოდა ერთი პარტია. ჩვენ ათწლეულები გვაქვს გავლილი ისე, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია იყო. თუ ქვეყანას აქვს პოტენციალი ახალი პოლიტიკური პარტიების, ახალი პოლიტიკური ინტელექტის გაჩენის, მაშინ ის უნდა გაჩნდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვაქვს ეს პოტენციალი. ზვიადის ხელისუფლების დროს, თვითონ ზვიად გამსახურდიას პარტია „მრგვალი მაგიდა“ გაიყო და შეიქმნა ოპოზიცია. შევარდნაძის ხელისუფლების დროს, გაიყო „მოქალაქეთა კავშირი“ და მისგან შეიქმნა ოპოზიცია. ამას ვერც მიშა „გადაურჩა“ – მიშაც თავისი მომხრეების გაყოფის მსხვერპლია, მან მომხრე ბიძინა ივანიშვილი მომხრედ ვერ შეინარჩუნა, მტრად აქცია და მისი ხელისუფლება ამის „მსხვერპლი“ გახდა. როგორც ჩანს, ეს წლები ჩვენთან ძალაუფლებაში მყოფი პარტია იყოფა და მისგან ჩნდება ოპოზიციური პარტია, თორემ თვითონ ხალხს ახალი ოპოზიციური ძალის შექმნა, როგორც ჩანს, არ სჩვევია. ეს უფრო საინტერესო მოვლენა მგონია, ვიდრე ბევრი სხვა რამ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.