ვინ გამოიწვია ანრის „ცივი ნოემბერი“ და რის გამო დაემართა მომღერალს გულის შეტევა - exclusive

15:34 11-26-2018
1914

„ახლა ისე მინდა თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები“... ამ სიტყვებით ანრი ჯოხაძემ სრულიად სოციალური ქსელი შეაჯანჯღარა. მომღერალმა ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსზე მუსიკა დაწერა და კლიპიც გადაიღო. სოციალური სივრცე მოიცვა ანრის „ცივმა ნოემბერმა“.

როგორი ამინდია ანრის გულში, რა სიახლეებია მის პირადში, რატომ მოხვდა ორჯერ გულის პრობლემით საავადმყოფოში და რამ გამოიწვია მისი „ცივი ნოემბერი“? ანრი ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

– სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს სიტყვები „ფეისბუკში“. გავგიჟდი, ისე იმოქმედა. პოეზიას ჩემზე ასეთი გავლენა მოეხდინოს, რომ ლექსი ამეღო და სიმღერა დამეწერა, ჯერ არ ყოფილა. ძირითადად ჩემს ტექსტზე ვწერ ხოლმე სიმღერებს.

– მეც მეგონა, რომ შენი ლექსი იყო...

– ცოტა გავბრაზდი კიდეც, პროტესტი მქონდა საკუთარ თავთან, ასეთი სიტყვები მე რატომ ვერ მოვიფიქრე-მეთქი. „ახლა ისე მინდა, თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები“... მომკლა, დამცა ამ სიტყვებმა. მერე მივხვდი, რომ ასეთი სიტყვები მხოლოდ ძალიან მაგარ პოეტებს მოსდით თავში.

– და ეს ძალიან მაგარი პოეტი აღმოჩნდა...

– ნიკა ჩერქეზიშვილი... ვისაც გაზიარებული ჰქონდა, „ფეიქექაუნთი“ აღმოჩნდა, პასუხიც არ გამცა, ავტორის ვინაობა რომ ვკითხე. მოკლედ, მოვიძიე და ავტორიც გავარკვიე.

– გადაღებებზეც გვიამბე...

– საბადურის ტყეში გადავიღეთ კლიპი. დაახლოებით 20-ზე მეტი კლიპი მაქვს გადაღებული და ამჯერად რეკორდი მოვხსენი. საათ-ნახევარში გადავიღეთ. მიველ, ვნახე გადავიღე, ჰქვია ამას (იცინის). ამ შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონების ამბიცია არ მქონია. მთავარი იყო, ყოფილიყო შემოდგომა, ლამაზი კადრები.

– შენი ნოემბერი როგორია?

– ყოველთვის თბილია ჩემი ნოემბერი. ამ თვეში ვარ დაბადებული და ამ ლექსმაც სწორედ ამიტომ მოახდინა ასეთი ემოციური ფსიქოზი ჩემზე.

– მე გულის სითბოსა და სიცივეზე გეკითხები.

– ნოემბერში ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს. მორიელი ვარ და ჩემი მზე ამ მომენტში ძალიან აქტიური და გაბადრულია.

– 38 წლის გახდი ცოტა ხნის წინ. მშვენიერი სიურპრიზი მოგიმზადეს მეგობრებმა.

– დავბერდი... აქამდე სულ სახლში აღვნიშნავდი ხოლმე. წელს ჩემმა მეგობრებმა დაპატიჟეს ერთმანეთი და დამპატიჟეს მეც და „სქაი ლაუნჯში“ მომიწყვეს საოცარი ემოციური საღამო. ასეთი კარგი დაბადების დღე არც მახსენდება.

– მგონი, არსად წასვლას არ აპირებდი. ხალათით გნახე იმ ფოტოებში, მეგობრებმა ტორტი რომ მოგართვეს მოულოდნელად სახლში...

– კი, ასე იყო და ცოტა გავბრაზდი. მეტყობა კიდეც, თუ დააკვირდებით, ვიდეოში ჩანს, რომ „ცივ ნოემბერს“ ვამონტაჟებ. გავბრაზდი რომ მოვიდნენ, სახეზეც მეტყობა. მერე მივხვდი, რომ სულელურად გავბრაზდი. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ, როცა ვმუშაობ, მეგობრებს კი არა, ოჯახის წევრებსაც არ ვეკონტაქტები. პატარა ზარი ვიყიდე, რესტორნებში რომ აქვთ, ხელს რომ დავაწვები, იციან, რომ ყავა მინდა, სხვაზე არაფერზე ვაწუხებ არავის და არც თვითონ მაწუხებენ ამ დროს.

– ასეთი მუშაობის შედეგი იყო შენი გულის პრობლემები? ორჯერ მოხვდი კლინიკაში...

– კი, ზაფხულამდე და ზაფხულში გადაღლის გამო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, როდის უნდა გაჩერდეს მუშაობის დროს. ეს კარგიც არის და ძალიან ცუდიც. ერთხელ მართლა ძალიან დამარტყა, პირდაპირ გარდავიცვალე, გამოიფიტა ორგანიზმი. ნინო ნადირაძე კუზანოვებისამ მიშველა და გამომიყვანა მდგომარეობიდან.

– უცენზურო მიმართვა (გააჯ...ი) ოკუპანტის მისამართით... რომლითაც მთავრდება შენი კლიპი ნიკო გომელაურის ლექსზე „ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, როგორ ფიქრობ, ეს ყველა ხელოვანის სათქმელია?

– რა მნიშვნელობა აქვს, ხელოვანია თუ ფეხოვანი, ეს ის სიტყვაა, რომელიც ყოველდღე უნდა გავუმეოროთ ოკუპანტს.

– ამ კლიპის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად მოსკოვში მიდიოდი კონცერტის გასამართად...

– ზოგადად, მაღიზიანებს ორმაგი სტანდარტი, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. ვიღაც წავა, გადაიმხობს მოსკოვს თავზე სოლო კონცერტებით და ტაშს ვუკრავთ. საერთოდ არავინ არ წავსულვართ, რაღაც გაუგებარი აფიშა დაიბეჭდა და დედის ერთი ადგილი უტრიალეს ნახევარ შოუბიზნესს. ეს ვერ გავიგე, რას ნიშნავს, შერჩევითია მოსკოვში წასვლა? ვიღაცას ტაშს ვუკრავთ და ვიღაცას ვლანძღავთ?

– ეს კონცერტი რეალურად უნდა გამართულიყო?

– კი. მე დამირეკეს და შემომთავაზეს. ეს იყო კონცერტი ქართული დიასპორისთვის. მე უარი ვთქვი და ასევე მოიქცნენ ჩემი კოლეგებიც. მინდა გითხრათ, რომ ისეთებიც იყვნენ ამ აფიშაზე, ვისთვისაც არც დაურეკავთ. ერთმანეთს ვწერდით, გაურკვევლობაში ვიყავით. მიმაჩნია, რომ დაუმსახურებლად „ათრიეს“ ჩემი კოლეგები.

– თავად როგორი მიდგომა გაქვს რუსეთში სიმღერაზე?

– მქონია შემოთავაზება, მიმღერია კიდეც რუსეთში კორპორაციულ, დახურულ საღამოზე. და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელიც კლიპში, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსზე გადავიღე, ორმაგი სტანდარტი! ჩვენ ნანი ბრეგვაძე არ დავინდეთ მოსკოვური კონცერტის გამო და ჩვენს ქართულ რესტორნებში რუსულად მღერიან ჩვენი ქართველი მომღერლები. მართლაც რომ ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა!

– სიმღერას მინდა დავუბრუნდეთ. შენს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც გამოიწვია „ცივი ნოემბერი“?

– იყო. მაშინ როდესაც ეს ლექსი აღმოვაჩინე. ამიტომაც მოახდინა ამხელა გავლენა ამ ლექსმა ჩემზე.

– დაშორდით?

– რა ვიცი.

– დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– აი, ეს კირჩხიბის კითხვები არ შემიძლია, რაა. შენგან კირჩხიბის თუ კრაბის სალათა უნდა გავაკეთო (იცინის).

– როცა ასეთ სიმღერას წერ, რაღაც ხდება, ნოსტალგია მაინც იმის, რაც იყო...

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ძველი მუსიკა, ძველი სიმღერა, წარსულით არასდროს ვცხოვრობ.

– მარტივად ივიწყებ?

– ძალიან მარტივად და უფრო მიხარია, როცა თავად მივიწყებენ (იცინის).

– ეს მორიელის თვისებაა?

– ალბათ.

– მოღალატეა მორიელი?

– მოღალატე არა, უბრალოდ, გაუმაძღარია. და თუ ვერ დანაყრდა, აუცილებლად სხვაგან მოიმწვანილებს.

– ბევრია ასეთი მწვანილი დღეს შენს ცხოვრებაში?

– ოო, კარგი, რაა. არაფერი მწვანილები არ არის ჩემს ცხოვრებაში.

– დედა ისევ გიჩიჩინებს, რომ დროა ცოლი მოიყვანო თუ?..

– ვინ უსმენს, თორემ კი. ყველაზე მეტად მიყვარს დედაჩემი, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ვერაფერს მიმითითებს.

– ახალს რას გვიმზადებ?

– ჩვენი ბავშვობისდროინდელი სიმღერა ჩავწერე, რომელიც არავის გახსენებია აქამდე. არადა ჰიტია და დაახლოებით 30 წელია, არავის შეუსრულებია. ჯერ არ ვიტყვი, რა სიმღერაა, იმდენი ჩათლახია ჩასაფრებული, წავლენ და გააკეთებენ (იცინის). კლიპის გადაღებაც მინდა. ეს იქნება ქორეოგრაფიაზე აგებული კლიპი. მე არ ვიცეკვებ, ხალხო, არ შეგეშინდეთ. მე ხომ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ პირველ ტურში გამომაბუნძულეს პანღურით (იცინის). ძალიან მაგარი გოგო-ბიჭები იცეკვებენ, ეს იქნება სოციალური პროექტი და ძალიან საინტერესო კლიპი.

– წარმატებებს გისურვებ, მადლობა ინტერვიუსთვის.

– მადლობა თქვენ და იმ ადამიანებს, ვინც ჩემი სიმღერა მოიწონა. ძალიან კარგად ვიცი იმ მსმენელის ფასი, რომელიც არტისტის ერთგულია. ყველაზე დიდი საჩუქარია ის სიტყვები, რომლებსაც მაყურებელი ჩემს შემოქმედებაზე წერს. მიხარია, რომ ხალხის ხმაზე ვმღერი.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი