– უკვე მომწონხარ და ძალიან მინდა კარგად იმღეროო, – ამ სიტყვებით დაიწყო მისალმება „მხოლოდ ქართულის“ მორიგ კონკურსანტთან მარინა ბერიძემ. ახმეტელის თეატრის მსახიობმა, გიორგი ცხადაძემ ჟიურის დანარჩენი წევრებიც მოხიბლა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ შევეცდებით უფრო ახლოს გაგაცნოთ გოგონების კერპი.
– გიორგი, იმ ასაკიდან დავიწყოთ, როცა პირველად მოგიწია სიმღერასთან შეხება...
– პირველი ამღერება არ მახსოვს, იმდენად პატარა ასაკში ყოფილა. მუსიკალური ოჯახი მაქვს და როგორც მეუბნებიან, პატარა ასაკიდან ავმღერებულვარ, სამი წლიდან. მამა მომღერალია, „ერისიონში“ მღერის, გიული ცხადაძე. ჩემი დებიც მღერიან. ფირსაკრავები იყო ადრე და ამაზე მასმენინებდნენ ჩემი მშობლები რევაზ ლაღიძეს, ჯანსუღ კახიძეს. მათ შემაყვარეს ქართული სიმღერა. სხვათა შორის, ეს ფირსაკრავი ახლახან აღმოვაჩინე ისევ სახლში, შევაკეთე და საპატიო ადგილიც მივუჩინე.
– პროფესიული შეხება მუსიკასთან...
– 7 წლის ვიყავი, როცა „ერისიონში“ მიმიწვიეს. იყო ასეთი პროექტი – „ქართული ლეგენდა“ და ერთადერთი ბავშვი ვიყავი ამ პროექტში, ვინც მღეროდა. ეს ჩემთვის პირველი ნაბიჯი იყო დიდ სცენაზე. აჭარული სიმღერით კონგრესის სასახლეშიც მომიწია მღერამ.
– ცეკვავდი კიდეც?
– კი. თან ვცეკვავდი. პატარა „ერისიონში“ ვცეკვავდი 7-8 წელი.
– რატომ დაანებე ცეკვას თავი?
– როგორ გითხრათ, ბოლო კლასებში ინტერესები შემეცვალა. თითქოს ყველაფერს თავი დავანებე, მაგრამ სცენის სიყვარული მაინც დამრჩა. თეატრმა მიმიზიდა. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავს სიახლეები შევთავაზო. და მაშინ, ალბათ, ეს სიახლე ჩემთვის თეატრი იყო.
– და ჩააბარე თეატრალურზე... ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს შენი არჩევანი?
– გვერდში დამიდგნენ. უფასოზე მოვხვდი ისე, რომ არ მოვმზადებულვარ. ერთი ლექსი მოვამზადე და სამივე ტურზე ის ერთი ლექსი ვიკითხე (იღიმება).
– არ გამღერეს?
– კი. იქაც დამეხმარა სიმღერა.
– ახმეტელის თეატრი შენი პირველი თეატრია?
– კი, ეს ჩემი პირველი თეატრია. სადიპლომო სპექტაკლში თეატრალურ უნივერსიტეტში მთავარი როლი ვითამაშე და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი კარიერისთვის. ბევრი ამთავრებს თეატრალურ უნივერსიტეტს, მაგრამ შემდეგ თეატრის გარეშე რჩება, სამწუხაროდ. მე გამიმართლა, ცოტა მოვინდომე კიდეც და მივიღე შემოთავაზება. ძალიან თბილად დამხვდნენ ახმეტელის თეატრში. ირაკლი გოგიამ მიმიღო, მან გადაწყვიტა ჩემი ბედი და თითქმის ყველა სპექტაკლში ვარ დაკავებული მას მერე.
– ითვლი, რამდენი სპექტაკლი გაქვს ნათამაშები?
– უკვე ვეღარ. ორი წლის წინათ გავხდი წლის პროდუქტიული მსახიობი. არსებობს სტატისტიკის კვლევა და მათ გადაწყვიტეს, რომ მე ვითამაშე ყველაზე მეტი პრემიერა.
– წლის პროდუქტიულმა არტისტმა გადაწყვიტა, წლის პროდუქტიული მომღერალი გახდეს?
– (იღიმება) ჰო, ასე გამოვიდა. მანამდე ერთხელ გავედი „ნიჭიერში“, ჯგუფთან ერთად, ინსტრუმენტებზე ვუკრავდით. ნახევარფინალამდე მივედით.
– რა საკრავებზე უკრავ?
– გიტარაზე, ფორტეპიანოზე, ხალხურ საკრავებზე. ახლა ტრუბაზე ვსწავლობ დაკვრას. ირაკლიმ საქსოფონი მაჩუქა და ამასაც დავეუფლები. მუსიკალური ინსტრუმენტები ჩემი ჰობია.
– მუსიკალური განათლება გაქვს?
– შვიდწლედში ვსწავლობდი სამი წელი. მერე სოლფეჯიოსთან ვერ ვიმეგობრე და წამოვედი... ძალიან მიყვარს სიმღერა, თეატრი და მინდა ამ ორი ხელოვნების გაერთიანება შევძლო და მომავალში მიუზიკლში ვცადო ბედი. ეს ჩემი ოცნებაა. მიყვარს კინო, მაგრამ გამოცდილება არც ამ მხრივ არ მაქვს.
– რაც შეეხება „მხოლოდ ქართულს“, ვისი ინიციატივა იყო, მონაწილეობა მიგეღო?
– პირველივე წელს მირჩევდნენ მეგობრები, შენი პროექტია და უნდა მიხვიდეო, მაგრამ, რადგან ბავშვობის მერე არ მიმღერია, ვერ გავბედე. თითქოს მეგონა, არ გამომივიდოდა. ძალიან კრიტიკული ვარ ხოლმე და არ გავრისკე. მერე, რომ ვუყურე, იმდენად მომეწონა, ისე ჩემად მივიღე, მეორე წელს მეგობრების თხოვნა გავითვალისწინე და მოვედი.
– პირველ ქასტინგზე ინერვიულე?
– რადგან მსახიობი ვარ, ალბათ, იფიქრებენ, რომ მარტივი იქნება ჩემთვის. არ ყოფილა ასე, სულ სხვანაირი სპეციფიკაა. თეატრში სხვა სპეციფიკაა, თუ იმ დღეს ვერ ხარ ხასიათზე, არ ხარ ფორმაში, მეგობარი წაგწევს, კოლეგა დაგეხმარება. აქ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული.
– და ვიზუალზეც... უკვე მომწონხარო, დანახვისთანავე გითხრა მარინა ბერიძემ. ამან გაგათამამა?
– (იღიმება) ამაზე ოდნავადაც არ მინდა გავამახვილო ყურადღება. ვფიქრობ, სიმღერაა მთავარი განმსაზღვრელი ამ პროექტში. თუმცა ხასიათი, ვიზუალი და სხვა დანარჩენიც მნიშვნელოვანია...
– მარინა ბერიძის მსგავსად, ალბათ, სხვებიც მოიხიბლნენ, იმატა მეგობრობის თხოვნებმა სოციალურ ქსელში? ქუჩაში როგორ გხვდებიან?
– ზოგადად, ვგიჟდები გულშემატკივრებზე. პირველი ტურის მერე ძალიან ბევრი კარგი შეფასება და თბილი სიტყვები მივიღე. დადებითი ემოციებით ავივსე და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. ვეცდები, მათი იმედები გავამართლო.
– რამდენად დიდია კონკურენცია. ათეულში მოხვედრის იმედი გაქვს?
– ძალიან ნიჭიერი ბავშვები მოვისმინეთ. დიდია კონკურენცია. მომზადებულები მოვიდნენ. არცერთ პროექტში არ მინახავს ამდენი ნიჭიერი ადამიანი. მეგობრულები არიან, თითქოს კონკურენტები არც ვიყოთ.
– რა იქნება შენი მთავარი კოზირი?
– არ ვიცი. ყველაფერი ერთად – სიმღერა, არტისტობა და გულწრფელობა. გულწრფელი ურთიერთობები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თამაში ცხოვრებაში არ გამომდის, არც მიცდია. კამერას სიმართლე სჭირდება. რაც ვარ, ის ვიქნები სცენაზეც.
– საყვარელი მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი...
– რევაზ ლაღიძე, ჯანო კახიძე...
– თავად რომელ ჟანრს მოიხდენ?
– ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. ყველანაირი ჟანრი ვცადე, რაც მოვედი. თავიდან მეგონა, თანამედროვე ელემენტებს, განახლებულ ვერსიებს ვერ მოვიხდენდი, მაგრამ მომეწონა საკუთარი თავი ამ ვარიანტებშიც. თუმცა, გოგი დოლიძე ჩემთვის ბევრს ნიშნავს და თითქოს ვბაძავ კიდეც. მგონია, რომ ამგვარი სამღერები უფრო გამომივა.
– მარინა ბერიძემ რაღაც ჩაიწერა თავის ბლოკნოტში შენზე...
– ოხ, ერთი ეგ ბლოკნოტი მანახა (იცინის).
– მას მერე არ მოგეცა საშუალება, რომ გეკითხა?
– ყველას ეშინია მარინა ბერიძის და მეც მორიდებით ვიყავი. ვერ მივეცი თავს უფლება, თან ხომ თქვა, პროექტის ბოლოს ვიტყვიო და დაველოდოთ.