,,არა ბულინგს“ - საქართველოს პროკურატურა ბულინგის წინააღმდეგ არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

17:34 11-27-2018
110

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით  ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიმართება.

საქართველოს პროკურატურა კვირეულის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს აცხადებს.

საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა 14 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში ჩატარდება. კვირეულის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

კონკურსისთვის მომზადებული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს გზავნილს ბულინგის წინააღმდეგ (გზავნილი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ბულინგთან).

ფოტოსურათი და ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე და შესაძლოა მომზადებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იქნას 2018 წლის 10 დეკემბრამდე  მისამართზე:  თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს მთავარი პროკურატურა) და ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ.N7, (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა). ნამუშევრების წარდგენისას უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა 14 დეკემბერს ქალაქ  ბათუმის იუსტიციის სახლში მოეწყობა. ამავე დღეს გაიმართება სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის მიერ გამოვლენილი პირველ სამ ადგილზე გასულ კანდიდატთა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურას შემდეგ ნომრებზე: 577 28 88 51 და 577 21 24 47

ავტორი: