საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

08:28 11-28-2018
74

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.

რაც შეეხება ავღანეთს – იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, კენჭისყრაში მონაწილეობა ორი დღის წინ უკვე მიიღეს, თუმცა ხმების დათვლა 28 ნოემბერს ცესკო-ში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოხდება.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაიხსნა და სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად, მათ ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ. თუმცა, მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.

ბიულეტენები, დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

მას შემდეგ, რაც კენჭისყრის პროცესი დასრულდება, ხმების დათვლის პროცედურები დაიწყება. 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი. იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდებათ რაიმე სახის კითხვა, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 2 51 00 51. ასევე, იმუშავებს ონლაინ ჩათიც.