ენგურის ხიდზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ისინი სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად გადმოდიან.
როგორც ,,პრაიმტაიმსს'' სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა მამუკა ეხვაიამ განუცხადა, მას გამშვებ პუნქტთან არანაირი პრობლემა არ შექმნია
"გადაგვიმოწმეს დოკუმენტები, არც დიდხანს შევუყოვნებივართ. გადმოვედი, რომ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა და ჩემთვის მისაღებ კანდიდატს მივცე ხმა", - თქვა ეხვაიამ.
ენგურის ხიდზე მიმოსვლა დილის 8 საათზე დაიწყო და 19 საათამდე გაგრძელდება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.
თეა შონია