ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19,6% შეადგინა

13:36 11-28-2018
93

„12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19,6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში 25% -ით, ხოლო ყველაზე დაბალი - კვლავ წალკაში 12,2% -ით. აღსანიშნავია ისიც, რომ პირვლ ტურზეც არჩევნების დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობით ამბროლაურის ოლქი გამოირჩეოდა.

„ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა 12:00 საათიანი აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ პირველი ტურის მონაცემს, მაშინ აქტივობამ შეადგინა 15,95% პროცენტი, რაც რაოდენობრივად იყო 558 755 ამომრჩეველი“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათი ნაწილი აღმოიფხვრა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. პროცედურულ დარღვევებზე საუბრისას, ცესკოს სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარკირებულ ამომრჩეველთა ნაწილი ხმის მეორეჯერ მიცემას ცდილობს.

გარდა ამისა, ცესკო-ს ინფორმაციით ისნის #52 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა გადაამეტა უფლებამოსილებას, რის გამოც მას დაატოვებინეს უბანი.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც დაფიქსირდა რუსთავის ოლქში ორ შემთხვევაში. კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ, ამომრჩევლებს არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ისნის #52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს მიეცა გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებელი არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას, მას სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.

ტყიბულში, სოფელ საწირეში #13-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული პირადობის მოწმობით. დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცესკოს სპიკერმა კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აკრძალულია კომისიის მუშაობაში ჩარევა და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. რაც შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბნებზე, მისი თქმით, ეს დაშვებულია იმ პირობებითა და წესებით, რაც განსაზღვრულია ცესკოს დადგენილებით. „აღნიშნული წესები ყველა საარჩევნო უბანზეა გამოკრული. აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება უშუალოდ საარჩევნო კაბინაში“, - განაცხადა მიქელაძემ.