მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა.
“ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის, ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი წარსულზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა საზოგადოების გაძლიერებას.
„მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.