ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებას უქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის ალბათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
ექსპერტი აქციებს და დესტაბილზიაციას გამორიცხავს.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდი და დღესაც გამოვრიცხავ ყველანაირ დესტაბილიზაციასა და მასშტაბურ აქციებს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ იმ 780 000 ამომრჩევლიდან რევოლუციური პროცესებისთვის ქუჩაში გამომსვლელი შეიძლება 780 კაცი არ იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველშიც კი რევოლუციური სცენარის მომხრე ძალიან ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ამ სცენარს პერსპექტივა და განვითარება არ უწერია. ის ფაქტი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე სააკაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, გვიქმნის წარმოდგენას იმაზე, რას გეგმავდა ის ალბათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.