პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია, სადაც 59.56%-ით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
კონსტიტუციის მიხედვით, არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მიმართავს ხალხს და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
მეხუთე პრეზიდენტის ინაგურაციისთანავე ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია და შედეგად პრეზიდენტს აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო, რომელიც პირველად კონსტიტუციაში 1995 წელს გაჩნდა როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. მეხუთე პრეზიდენტი იქნება პირველი, ვინც ამით არ ისარგებლებს. ომის დროს იქმნება თავდაცის საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი.
შეწყალება რჩება პრეზიდენტის ერთადერთ შეუზღუდავ უფლებად. 1995 წლიდან მოყოლებული ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა.
მოქალაქეობის მინიჭების უფლება რჩება, თუმცა, კანონი მას არეგულირებს.
2010 წელს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის ინაგურაციის შემდეგ შევიდა, პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ნორმა კონსტიტუციაში 1995 წელს გაჩნდა. ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი ამერიკულის მსგავსი გახლდათ,ს ადაც პრეზიდენტი ყველა შტოსთან შედარებით ძლიერია.
აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოშორებით საქართველოს კონსტიტუცია, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელისკენ გადაიხარა.
რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია და კონსტიტუცია მთლიანად საპარლამენტო მოდელის გახდება.
მთავარსარდალი პრეზიდენტი ისევ იქნება თუმცა, მას შეეზღუდება სამხედრო ძალების გამოყენება. მშვიდობის დროს სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი განაგებს, ომის დროს კი - პრემიერ მინისტრი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება საპრეზიდენტო სასახლეს. სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ ის ორბელიანების სასახლეში დაიდებს საპრეზიდენტო ბინას და მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ შენობაზე უარს იტყვის.
“ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს და ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება. მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი,რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას ” - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო მარათონის დასაწყისში გააკეთა.