"დიდი სიურპრიზი იყო"... - საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების მეორე ტური შეაფასეს

16:17 11-29-2018
258

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეაჯამეს. მათი თქმით, სასიხარულოა, რომ საარჩევნო პროცესში სერიოზული ინციდენტები არ აღინიშნა, თუმცა ზოგიერთი საკითხი, რომელიც პირველ ტურში გაჟღერდა, კვლავ აქტუალურია.

"ძალზე გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და მძაფრი ბრალდებები კანდიდატების მხრიდან. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა, მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, რომელსაც ამ რეგიონში ლიდერად მივიჩნევთ“, - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ლაიმა ანდრიკიენემ.

ანდრიკიენე სურვილს გამოთქვამს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი შეძლებს გაამთლიანოს, შეარიგოს ერი, რათა ქვეყანამ თვალი გაუსწოროს იმ ბევრ გამოწვევას, რომელიც მის წინაშე დგას.

"ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტი, დემოკრატიული, არაკონფრონტაციული დიალოგი ყველა მონაწილე მხარეს შორის, რათა პოლიტიკური სტაბილურობა დავიცვათ. ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია. ამ მოქალაქეთა დავიწყება და მათი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება" - დასძინა ანდრიკიენემ.

მისი თქმით, გამაოგნებელი იყო მათთვის, როდესაც გაიგეს, რომ მთავრობა მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას გეგმავს.

"დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტმა, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება გამოცხადდა საკამათო მეორე რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე, თანაც იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის სახელით გაჟღერდა, გარკვეული ეჭვი შეიტანა ამომრჩეველთა გონებაში. ეს წარმოშობს სამართლებრივ ეჭვს, თუ რა არის ამ ნაბიჯის ჭეშმარიტი განსაზღვრება. ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად“, - განაცხადა ანდრიკიენემ.

პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო ფინანსურ გარემოსაც. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული რესურსები არასწორად იყო გამოყენებული.

„სამწუხაროდ მკაცრი ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ დიდი ჩრდილი მიაყენა კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას საარჩევნო გარემოში. მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით და დამკვირვებელთა თვალთვალზე არჩევნების დროს,“- განაცხადა მარგარეტა სედერფელტმა

ავტორი: