„ეს არის ის ძალა, რომელიც ძალიან მალე გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან გააკეთა.
"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დიდი მადლობა ყველას იმ თავგანწირვისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, თავდადებისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ამტკიცებთ და განსაკუთრებით დაამტკიცეთ გუშინ, როდესაც სრულიად არაპროპორციულ ბრძოლაში, შეხვედით, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ. დიახ, თქვენ გაიმარჯვეთ. თქვენ გაიმარჯვეთ იმ 800 ათას ჩვენს თანამებრძოლთან ერთად, რომლებიც გუშინ ამ უპრეცედენტო ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად მივიდა არჩევნებზე და გააკეთა საკუთარი მყარი არჩევანი. ეს არის ის ძალა, რომელიც ძალიან მალე გაისტუმრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ უპრეცენდენტო რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა.„ასეთი რაოდენობის და მასშტაბების გაყალბების მომსწრე მე არ ვარ. ქართველმა ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს გაუძლოს და ძალიან ბევრი რამ აიტანოს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არასდროს არ აიტანს შეურაცხყოფას და დაცინვას, სწორედ ეს იყო გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ - საქართველოს მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა და წაართვეს არჩევანის უფლება.“ - განაცხადა უდუმაშვილმა.