2018 წლის 4-5 დეკემბერს ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს შედგება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივლისში ნატოს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს
შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს
შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში. მინისტერიალის
პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრებთან.