„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, რომ სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური შეიქმნას

19:46 11-30-2018
86

"ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური შეიქმნას, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იმუშავებენ. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველოს" ბრიფინგზე განაცხადა. 

„გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად წარადგენს. მათი ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ნათელია, რომ დღევანდელი პროკურატურა და დღევანდელი აუდიტის სამსახური, რომელიც კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, ამას ვერ აკეთებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივაა სპეციალური სტრუქტურების შექმნა საარჩევნო დამოუკიდებლობისთვის.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება სპეციალური საარჩევნო წინადადებების პაკეტი, რომლითაც დავარეგულირებთ ისეთ პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ამ არჩევნებზე. ეს იყო - ხმის მიცემის ფარულობა, ამომრჩეველზე ზეწოლა, მათ შორის კრიმინალური ელემენტების გამოყენებით და ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, - განაცხადა დავით ბარქაძემ.