არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება - ასე აჯამებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ერთ წელიწადს.
ლომჯარია წუხილს გამოხატავს, რომ საზოგადოებას და დაზარალებულებს დღემდე არ აქვთ პასუხები მრავალ კითხვაზე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასრულწლოვანთა სამართლებრივი ინტერესების განსაკუთრებული პრიორიტეტულობისა და საკითხის მომეტებული სიმწვავიდან გამომდინარე, საგამონაკლისო დაშვებით, სრულად შეისწავლა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმე, საქმესთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალები, განახორციელა საპარლამენტო კომისიის ძირითადი სხდომების მონიტორინგი, შეისწავლა კომისიის საქმიანობის შედეგები და პარლამენტის დადგენილება, შეხვდა ბრალდებულ არასრულწლოვნებს, ბრალდებულების/ამჟამად მსჯავრდებულებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრებს.
ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება.
სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან.
სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით პროკურატურას გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების და არა გამოძიების დაწყების რეკომენდაცია მიეცა. შედეგად, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ამ დროისთვის კვლავ გრძელდება.
მიუხედავად გაწეული დიდი ძალისხმევისა როგორც სახალხო დამცველის, ასევე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას: ყოველი თვის ბოლოს წარმოუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ; სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა;
წარდგენილი მოთხოვნები ემსახურება საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების აღსრულების ლეგიტიმურ მიზანსა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საჯარო კონტროლს. რამდენადაც, სწორედ ნაკლები გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იწვევს მსგავს უხეშ დარღვევებს საგამოძიებო მოხელეთა მხრიდან, რომელიც საბოლოოდ, არსებითად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.