რეგიონებში, სადაც სტიქიაა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ

11:56 12-01-2018
57
თეგები: სტიქია

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გუშინ ჩაერთო.

უწყების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები თვითმმართველობასთან ერთად სამივე რეგიონში მონაწილეობენ სტიქიის სალიკვიდაციო აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვაში.

"ლანჩხუთში და მიმდებარე რამდენიმე სოფელში სახლების სახურავებია დაზიანებული, მოგლეჯილია ხეები, შეწყვეტილია გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, კერძოდ, დაწყებულია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ შესაბამისმა კომპანიებმა სახურავების შეკეთების სამუშაოები" - განაცხადა ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსმა ოთარ არევაძემ, რომელიც ქალაქ ლანჩხუთში ეცნობა სტიქიის შედეგებს.

სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, გიგი კობიაშვილის განცხადებით, ქუთაისის სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი დილიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც ძალიან მალე გადანაწილდებიან ობიექტებზე და შეუდგებიან დაზიანებული სახურავების შეკეთების სამუშაოებს.

"ზუგდიდის შტაბი დილიდან შეკრებილია, აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და იმ კომპანიებთან ერთად სამუშაოს განაწილება, რომლებმაც უნდა დაიწყონ ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები. ძალიან მალე გავდივართ ყველაზე რთულ ობიექტზე - ანაკლიის მიმართულებით მდებარე დევნილთა დასახლებისკენ, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავებია დაზიანებული"- განაცხადა ზუგდიდიდან რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ.

სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, შექმნილია შტაბები. დაწყებულია მიყენებული ზიანის დათვლა.

ავტორი: