წააგო საქართველომ,- ასე გამოეხმაურა არჩევნების შედეგებს შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი. და ასევე დასძინა, რომ არჩევნების შეფასება რთულია.
საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა გამოიყენეს ყველა იარაღი, რაც ხელთ აღმოაჩნდათ. წააგო საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლიდან გამოკვეთილი პრობლემა - „ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება. მათმა უთავბოლობამ და მათ მიერვე რეამინირებულ ოპონენტთან ხელახალმა შესკდომამ ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან. აღმშენებლობისთვის ესოდენ საჭირო ეროვნული ენერგია გათიშულობისა და „არასახელმწიფოებრიობის კომპლექსის“ გაღრმავებას მოხმარდა. შეილახა ქვეყნის პრესტიჟი,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს კი, გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტობა, ვიდრე იგი კანდიდატი იყო. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.