ავტორი: თამუნა დალაქიშვილი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთული საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. არჩევნები, რომელსაც ახლდა მძიმე მარათონი – სიძულვილის ენა, პოლარიზებული საზოგადოება და მძიმე გარემო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნებში აისახება. იმის მიუხედავად, რომ მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე არასამთავრობო სექტორის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ, სკანდალური ინფორმაცია გაჟღერდა, რასაც პროკურატურა იძიებს, საარჩევნო სისტემის სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, საარჩევნო პროცესში გაყალბების ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ, რაც 90-იანი წლებიდან ახლავს საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს, ეს საპრეზიდენტო არჩევნები უხეში დარღვევებით გამორჩეული არ ყოფილა. რომელი არჩევნები იყო გამორჩეული უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და შესაძლებელია თუ არა ყალბი პირადი მოწმობების გამოყენება? ამ შეკითხვებით სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ლადო ბოჟაძეს მივმართეთ:
– საარჩევნო პროცესში უხეში დარღვევების მხრივ, ყველაზე მძიმე იყო 2007 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, და შემდეგ 2008 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნები. არანაკლებ უხეში დარღვევებით გამოირჩეოდა 2010 წლის არჩევნებიც. 2012 წელს, მიუხედავად დიდი დაპირისპირებისა და მძიმე საარჩევნო კამპანიისა, მაინც იყო საუბრები არჩევნების გაყალბების შემთხვევებზე. პირველად დაიწყო საუბარი ყალბი პირადი მოწმობების გამოყენებაზე, იქ, სადაც ამ რესურსის გამოყენება შეიძლებოდა. ამ მხრივ, მოწყვლადი ყოველთვის იყო რეგიონები, ქალაქებში რთულია ამ მექანიზმების ამუშავება, ამიტომ როდესაც ვამბობდით ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ ქალაქებს აგებდა, ეს სინამდვილეში, ასე არ იყო. მაშინდელი ხელისუფლება არჩევნებს აგებდა ყველგან, მაგრამ სადაც იყო იმის საშუალება, გამოეყენებინა საარჩევნო „ტრიუკები“, ისინი მიდიოდნენ ბოლომდე. როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო გაყალბებებსა და ხარვეზებზე, გაყალბებების უმეტესობა დაიწყო 90-იანი წლებიდან, როცა, ფაქტობრივად, არ არსებობდა არანაირი მექანიზმი მსოფლიოს არადემოკრატიულ სახელმწიფოებში აპრობირებული საარჩევნო მეთოდების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო ე.წ. „კარუსელი“, როდესაც ერთი ადამიანი ხმას აძლევდა რამდენჯერმე სხვადასხვა უბანზე. ეს ხდებოდა ორგანიზებულად, ადამიანები ჯგუფურად მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე, მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, გაეკეთებინათ მათთვის სასურველი არჩევანი. პარალელურად არსებობდა მეორე მექანიზმი, როდესაც ხდებოდა ბღუჯა-ბღუჯა ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთებში, ბიულეტენების, რომლებიც წინასწარ იყო შემოხაზული კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კანდიდატების სასარგებლოდ. კანონმდებლობის დონეზე არ არსებობდა ამ გაყალბების დამცავი მარეგულირებელი მექანიზმები. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი იყო ამომრჩეველთა სიები, მასში იყვნენ არარსებული ადამიანები, ან წინასწარ იყო მონიშნული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ და ვერ მივიდოდნენ არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ, ვისი ბიულეტენი უნდა გაეცათ, ვინ იყო მათი მხარდამჭერი, რაც ხელს უწყობდა, ამ ადამიანებს სხვების ნაცვლად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. როდესაც ჩვენ მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, მასში მკაცრად გაიწერა კენჭისყრის პროცედურები, სწორედ იმ მექანიზმების საწინააღმდეგოდ, რომელიც მანამდე ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა. პირველ რიგში, ეს იყო მთელ მსოფლიოში აპრობირებული მარკირების პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპს – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. ასევე, მნიშვნელოვანი პრინციპი იყო – ბიულეტენის მოთავსება კონვერტში, სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ითვლებოდა ბათილად, ასევე, თუ კონვერტი გაიხსნებოდა და იქიდან იმაზე მეტი ბიულეტენი ამოვიდოდა, რაც გაიცა ამომრჩეველზე, ეს ბიულეტენიც ითვლებოდა ბათილად, რაც კარგავდა დამატებითი ბიულეტენის გამოყენების შესაძლებლობას, თუ ის კონვერტში არ იქნებოდა მოთავსებული. ამას დაემატა გამჭვირვალე ყუთები, რაც ასევე სპობდა ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესაძლებლობას. ყველაზე მთავარი იყო, როგორც არ უნდა წარმართულიყო საარჩევნო პროცესი, რამდენი ამომრჩეველიც არ უნდა მოსულიყო უბნებზე და ვისთვისაც არ უნდა მიეცა ხმა, შესაძლებელი იყო საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების „გადაწერა“, როცა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ატანდნენ სხვა საუბნო შემაჯამებელ ოქმებს, მაგრამ ოლქებში ხდებოდა ამ შედეგების გადასწორება, პროპორციები იცვლებოდა მმართველი გუნდის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი იყო ჩვენს საარჩევნო ისტორიაში, ხდებოდა იმ არჩევნებზე, რომლებიც ჩავატარეთ 90-იანი წლებიდან, რისგანაც დღეს ბევრად დაცულები ვართ.
– ბოლო რამდენიმე არჩევნებზე უკვე მიდის საუბარი პირადობის მოწმობების გაყალბებაზე, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას იგივე ბრალდებას უყენებენ, რა ბრალდებებიც არსებობდა მათ მიმართ წლების განმავლობაში.
– გეთანხმებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, 2008 წლის როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნებზე, იგივე 2010 წლისა და 2012 წლის არჩევნებზე, უკვე დასჭირდა ახალი მეთოდის შემოღება, ეს იყო ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება. როდესაც მაშინდელი ოპოზიცია ითხოვდა ბიომეტრიული საარჩევნო სიების შემოღებას, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ. როდესაც ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც როგორც საარჩევნო პროცესს, ნამდვილად ერქვა გაყალბება, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, ხალხი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული აჭარის, სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილი ყალბი პირადობის მოწმობების გამო. პრინციპი იყო ასეთი – ერთ ადამიანზე გაცემული იყო პირადობის მოწმობები ცხრა ადამიანის მონაცემებით, რომლებიც ასევე იყვნენ ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არჩევნებს არ დაესწრებოდნენ, რადგან არ იყვნენ საქართველოში და ან შიდა მიგრაციული პროცესების გამო არ იმყოფებოდნენ იმ რაიონში, სადაც ხმა უნდა მიეცათ. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ამ ადამიანების გადამოწმება არ გაუჭირდებოდათ, აქტივისტების, ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ძალიან კარგად იცოდნენ, რომელ ოჯახს რამდენი წევრი აკლდა. ამ მექანიზმით სიის გაყალბება საჭირო არც კი იყო, სიის მონაცემებში ეს ადამიანები არსებობდნენ. ადამიანი, გაყალბებული პირადობის მოწმობით, მიდიოდა არჩევნებზე, პირადობის მოწმობა გაცემული იყო მისი ფოტოსურათით სხვის მონაცემებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სიაში არ იყო ამომრჩევლის ფოტოსურათი, განსხვავებით ახლანდელი სიებისა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და იგივე დამკვირვებლების მხრიდან კონტროლის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობდა – ადამიანი მოდიოდა პირადობის მოწმობით, მონაცემები ემთხვეოდა სიაში არსებულ მონაცემებს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, მისამართს, შეხედავდი ადამიანს და იყო ის ადამიანი, ვისი ბეჭედდასმული სურათიც იყო პირადობის მოწმობაში, რეგისტრატორისთვის არ არსებობდა ამ საბუთის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საბაბი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მასობრივად დააფიქსირა ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ფაქტები, საკმაოდ ბევრი ადამიანი „გამოიჭირეს“.
– ამ დარღვევებთან დაკავშირებით ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისრა?
– 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, პასუხისგებაში მიეცა აჭარის კუდის უფროსი, თუმცა როგორც მერე ითქვა, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან სხვა საქმეებთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული მუხლის გამო მას სასჯელი არ მოუხდია. როდესაც ამ პროცესზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში იუსტიციის სამსახურს ხელმძღვანელობდა გიორგი ვაშაძე, რომელიც 2010 წლიდან იყო მინისტრის მოადგილე და კურირებდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მაშინ გიორგი ამბობდა, დამიმტკიცონ, რომ ამ პროცესთან კავშირი მაქვს, მზად ვარ თანამშრომლობისთვისო. როგორც გაირკვა, კუდი და სოდი აკეთებდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს, იქ იბეჭდებოდა ეს დოკუმენტები და ასე ხდებოდა ამ პრინციპით არჩევნების გაყალბება. გამოძიებას, როგორც ვიცი, ამ თემაზე არ დაუკითხავს არც გიორგი ვაშაძე, არც სახელმწიფო სერვისების სააგენტოს რომელიმე თანამშრომელი, ეს ჩაითვალა დასრულებულ ეტაპად, და როგორც სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი ქმედება. პირადობის მოწმობები ამოიღეს და გაანადგურეს. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ დაიწყო მუშაობა ბიომეტრიულ სიაზე, რასაც მაშინდელი ოპოზიცია ითხოვდა „ნაციონალური მოძრაობისგან“. 2014 წლის შემდეგ, სპეციალური პროგრამით დამუშავდა ამომრჩეველთა სია, რომელშიც არის ყველა ადამიანის უნიკალური მონაცემები, მათ შორის ფოტოსურათი, სპეციალური პროგრამით ხდება ადამიანის იდენტიფიცირება ისეთი ბიომეტრიული მონაცემებით, პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთო, მონაცემები მაინც უცვლელი რჩება. ეს არის თვალებს, ყვრიმალებს, ყურებს შორის მანძილი. ეს პროგრამა მუდმივად განახლებადია და მასში არის ინფორმაცია საქართველოს ყველა მოქალაქის შესახებ. როდესაც ადამიანი ხდება 18 წლის, მის შესახებ მონაცემები უკვე მიეწოდება საარჩევნო ადმინისტრაციას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის. ამ ბაზაზე ონლაინ რეჟიმში აქვს წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებს, ამ ბაზებს არა ონლაინ რეჟიმში იყენებენ კომერციული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები.
– ეს არის ის ფოტოსურათებიანი სიები, რომლებიც დაფიქსირდა კოორდინატორების ხელში ამ არჩევნებზე?
– ამომრჩეველთა ბოლო სია, რომლითაც ტარდება არჩევნები, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის არის ხელმისაწვდომი და გამოყენებადი, ვინც განცხადებით მიმართავს ცესკოს. აქ საუბარია ფოტოსურათებიან სიაზე, სამაგიდო სიები აქვს მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას უშუალოდ კენჭისყრის დღეს, რომელშიც ყველა მონაცემთან ერთად არის პირადი ნომერი და გრაფა, სადაც ამომრჩეველმა ხელი უნდა მოაწეროს. ის სიები, რაც ჰქონდათ კოორდინატორებს, და არამხოლოდ „ქართული ოცნების“, არ არის სამაგიდო სიები, ეს არის ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია, რომელშიც არ არის პირადი ნომერი, რაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ამ სიებში არის ფოტოსურათიც და მისამართიც, ეს არ არის კანონის დარღვევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა ამომრჩევლის ნებაზე და მისი ნების გამოხატვაზე, რადგან შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება, მოვიდა თუ არა ის არჩევნებზე. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რა ბრალდებაც ჰქონდა ამ მიმართულებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამოქალაქო სექტორის ნაწილს, რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობებს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ერთ კვირაში არ დასრულდება.
– რა ინფორმაცია არსებობს ამ ეტაპზე ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით?
– გამოძიებას რა ინფორმაცია აქვს, ეს არ ვიცი, მიმდინარეობს იმ პრინციპის შემოწმება, როგორ ხდება აიდი ბარათების ბეჭდვა, ის სამი საბეჭდი აპარატი, რომელიც ბეჭდავს ახალ აიდი ბარათებს, არის საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. მასალები, რომლითაც იბეჭდება და არის დაცული აიდი ბარათები, ჩამოდის გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან, შესაბამისად, მისი დაბეჭდვა და დაცულობა არ არის დამოკიდებული ჩვენზე. ეს ის საბეჭდი აპარატებია, რომლის დაბეჭდილ პირადობის მოწმობებსა და დოკუმენტებს ენდობა მთელი მსოფლიო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გადავდივართ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე. თურქეთს რომ ეჭვი ეპარებოდეს, რომ მის ქვეყანაში აიდი ბარათით გაურკვეველი იქნება ლადოს პირადობით, ლადო შევა თუ გიორგი, და იცოდეს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, ეს გააყალბოს, გამორიცხულია, მან დაუშვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აიდი ბარათით. ერთადერთი რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ კანონმდებლობით, ასევე, დაშვებულია ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, თუ ამას ითხოვს მოქალაქე, ოღონდ ამ შემთხვევაშიც პრინციპი არის იგივე, პირადობის მოწმობის ნიმუში არის ძველი, მაგრამ მონაცემები ელექტრონულ ბაზაში გაკონტროლებულია ისე, რომ მისი გაყალბება წარმოუდგენელია. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ მაინც დაბეჭდა პირადობის მოწმობები, მის დაბეჭდვასა და ჯიბეში ჩადებას აზრი აღარ აქვს, საარჩევნო უბანზე ხომ უნდა მიხვიდე, რომ გამოიყენო. თუ ყალბი პირადობის მოწმობის მონაცემები არ ემთხვევა სიაში არსებულ თქვენს მონაცემებს, რეგისტრატორი ბიულეტენს არ მოგცემთ. დავუშვათ, ხელისუფლებას აწყობილი აქვს სქემა, უბანზე მისულ ამომრჩეველს არ ჩაუტარეს მარკირების პროცესი, იციან, რომ უკვე მარკირებულია, შეუშვეს უბანზე, მიდის კონკრეტულ რეგისტრატორთან, რომელმაც იცის, რომ ლადო ლადო არ არის, მაგრამ ლადოს გიორგის ნაცვლად უნდა მისცეს ბიულეტენი, და რა ხდება ამ დროს ჩვენი კანონმდებლობით? კომისიის 12 წევრიდან საარჩევნო უბანზე არის 5 რეგისტრატორი და არავინ იცის, ვის რა ნუმერაციით მოუწევს სია, ჩემი ყალბი პირადობით შეიძლება მოვხვდე ოპოზიციური პარტიის რეგისტრატორთან და მან დააფიქსიროს დარღვევა, იგივე ალბათობით, ყველა საარჩევნო უბანზე ოპოზიციას ერთი რეგისტრატორი მაინც ხომ ჰყავდა, ზოგ შემთხვევაში ხუთიდან ორი, მე ვსაუბრობ დიდ საარჩევნო უბნებზე, სადაც 1500-ზე მეტი ამომრჩეველია, თორემ პატარა საარჩევნო უბნებზე მეტი რესურსია, ეს ყველაფერი კარგად გაკონტროლდეს. წილისყრიდან გამომდინარე, 30-35%-ში უბნებზე მარკირების შემოწმება მოუწევდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს. წარმოიდგინეთ, რამხელა მექანიზმი უნდა ყოფილიყო ჩართული, რომ ხელისუფლებას ყალბი პირადობის მოწმობები გამოიყენებინა, უნდა გაეყალბებინა პირადობის მოწმობები, გაეყალბებინა სია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, და წინასწარ არ იცი, სიაში ხუთი კაცი რომ გყავს „ჩასმული“, იმ სიასთან რომელი რეგისტრატორი იჯდება, რომ ეს მექანიზმი წარმატებით გამოიყენო.
– საკმაოდ ბევრი საუბარი იყო სიაში დაფიქსირებულ ცვლილებებზე ერთი ტურიდან მეორემდე, რამდენად რეალურია ერთ თვეში ამდენი ცვლილების გატარება და სიის ასე შეცვლა?
– სიაში პირველი ტურიდან მეორემდე შევიდა 13 500-ზე მეტი ცვლილება, დაახლოებით 4000 ცვლილება ეხებოდა ადამიანთა გარდაცვალების ფაქტი, საშუალოდ, 4 ათასი იყო, ვისაც უკვე 28 ოქტომბრის შემდეგ უსრულდებოდა 18 წელი და კანონის ვალდებულებაა, ისინი უნდა ყოფილიყვნენ საარჩევნო სიაში, ის, ვისაც არ ჰქონდა რეგისტრაცია და ისინი, ვისაც არ ჰქონდათ პირადობის მოწმობა, და სიის ფორმირების დასრულებამდე აიღეს ახალი პირადობის მოწმობები, საარჩევნო სია რეალურად გაიზარდა 3900 ამომრჩევლით. ჩვენთან 790 ათას მოქალაქეს დღემდე აქვს ძველი პირადობის მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში გაიცა 17 ათასი ახალი აიდი ბარათი, მათგან 13 ათასმა ჩააბარა ძველი პირადობის მოწმობა, პოტენციურად თუ გამოყენებული უნდა ყოფილიყო ძველი პირადობის მოწმობები, ეს რაოდენობაში უნდა ყოფილიყო მეტი და არა ნაკლები, და რეალურად, პირიქით, შემცირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ვებგვერდზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდა და ითქვა, რომ 20 ათასი ადამიანი დააკვირდებოდა დარღვევებს ყველა მიმართულებით, პირველ ტურში უფრო მეტი დარღვევაა დაფიქსირებული, ვიდრე მეორე ტურში. ერთი ამომრჩეველი არ დაფიქსირებულა, რომელიც იტყოდა, ვინ მოაწერა ჩემამდე ხელი ჩემი ხელწერის ნაცვლად, ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც მამა-შვილს ჰქონდა იდენტური სახელი-გვარი, მაგრამ არ ემთხვეოდა მათი ასაკი, რაც ტექნიკური ცდომილება იყო, მეტი არაფერი. ორი კვირის განმავლობაში დაანონსებული და გაპიარებული გაყალბების პროცესი, „კარუსელებთან“, ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ჩაიშალა იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოხდა კონკრეტული ფაქტების გამოვლენა.
– ყალბი ბიულეტენების დაბეჭდვაზეც გკითხავთ, თეორიულად რამდენად შესაძლებელია ყალბი ბიულეტენების გამოყენება საარჩევნო პროცესში?
– წინა ხელისუფლების დროს და უფრო ადრეც, მართლაც იბეჭდებოდა ზედმეტი ბიულეტენები, ისინი მუშავდებოდა კონკრეტული პარტიის ოფისში და იმ მექანიზმების არარსებობის გამო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს ბიულეტენები ხვდებოდა საარჩევნო ყუთებში. დღეს ბიულეტენი, რომელზეც არ არის რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, არის ბათილი. როცა წინასწარ არ იცი, ვინ არის რეგისტრატორი და ბეჭედს, რომელიც ერტყმება ბიულეტენს, აქვს უნიკალური კოდი, თეორიულად, რომ არსებობდეს ყალბი ბიულეტენების დაბეჭდვის შესაძლებლობა, ეს ბიულეტენები ხომ სტამბაში არ გვჭირდება? გაყალბებისთვის საჭიროა, ეს ბიულეტენები იდოს კონვერტში და მოთავსდეს საარჩევნო ყუთში. და როგორ ვაკეთებთ ამას, როცა ყუთს აკონტროლებს ასი კაცი, ათი კამერა და მასზე მიმაგრებულია მარეგულირებელი? ამას გარდა, ყველა სტამბას, სადაც ბიულეტენები დაიბეჭდა, მიცემული ჰქონდა დავალება, რომელი ოლქის რამდენი ბიულეტენი უნდა დაებეჭდა, რა ნუმერაციით და რა პროცედურებით. სტამბაში ბეჭდვის პროცესში ტექნიკური შეფერხება არის ჩვეულებრივი პროცესი, გარდა იმისა, რომ დამკვირვებლები აკვირდებოდნენ ბეჭდვის პროცესს, დამკვირვებლები ვაკვირდებოდით დაზიანებული, გაფუჭებული ბიულეტენების განადგურების პროცესსაც. კანონმდებელმა კანონში ჩადო გაყალბების ყველა საპირწონე მექანიზმი. ეს ეხება ბიულეტენების დაცვასაც. საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველგან იყო ერთი და იგივე ბიულეტენის ნიმუში, მაგრამ ბათუმის ოლქის ბიულეტენს თბილისში ხომ ვერ გამოვიყენებთ? ყველა ბიულეტენი არის უნიკალური, მისი ნომერი არ შეიძლება განმეორდეს. ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი კანონით გაყალბების მექანიზმები. ეს, უპირველესად, ბიომეტრიული სია და მასში ბიომეტრიულად დამუშავებული ფოტოსურათი, ყველა სქემას ანგრევს, გაყალბების როგორი იდეალური სქემაც არ უნდა ააწყოს ვინმემ. 2014 წლის შემდეგ ამ პრინციპით ჩატარდა ხუთი არჩევნები, არც ერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და არ ერთ საარჩევნო სუბიექტს არ ჰქონია კითხვები საარჩევნო სიებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით არც ამ არჩევნებზე არაფერი შეცვლილა, მათ შორის იყო ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიც, მეორე ტურის ვადის გამოცხადებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო გაყალბების ლეგენდის შექმნა, სქემა, რა როგორ იქნებოდა, იყო იდენტური იმ სქემის, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში და არსებული სტერეოტიპი, რომ არჩევნები ყოველთვის ყალბდება, ამ შემთხვევაშიც ამუშავდა. კიდევ ერთ ფაქტზეც გავამახვილებ ყურადღებას, სულ იყო საუბრები, საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურობაზე და მათი მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე, არჩევნების არაორგანიზებულობაზე, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარე ხშირად ხდებოდა დარტყმის ობიექტი. ახლა სხვა პოლიტიკა აირჩიეს – რადგან ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციის სამიზნე გახდა თეა წულუკიანი, ცესკოს თავმჯდომარე გადაურჩა ამ დარტყმებს. იმის თქმა, რომ ყველა დამნაშავეა, აჩენს ბევრ ეჭვმიტანილს, ბევრ პრობლემას, ამიტომ თქვეს, რომ ცესკო არაფერს გააფუჭებს, მაგრამ აი, იუსტიციამ დაბეჭდა ყალბი პირადობები. ადრე ცესკო დარტყმის ობიექტი ხდებოდა იმიტომ, რომ ხმებს ითვლიდა და აჯამებდა, ახლა ოქმებში წინასწარ არის ჩაწერილი და ჩაბეჭდილი ყველაფერი, ეს ოქმები უნიკალურია, თუ ადრე იმას წერდნენ ოქმში, რასაც უნდოდათ, ახლა ასე არაა, უნდა შედგეს შესწორების ოქმი, თუნდაც ტექნიკური შეცდომის დროს. ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ შესწორების ოქმს კომისიის თორმეტივე წევრი უნდა აწერდეს ხელს. როდესაც ყველა საარჩევნო კომისიაში გყავს შენი წევრები, თქვა იმ პროცესზე, რომ რამე გაყალბდა და გაფუჭდა, გამოდის, რომ თავად ხარ პროცესის მონაწილე, ამიტომაც იყო ნაკლები შეკითხვები ამ არჩევნებზე ცესკოს მისამართით, თუმცა ცესკოს თავმჯდომარე ბოლომდე მაინც ვერ გადაურჩა ამ თავდასხმას. ამ არჩევნების საერთო ფონი გააფუჭა საზოგადოების განსაკუთრებულმა პოლარიზებამ, სიძულვილის ენამ, რაც არის არჩევნების განმსაზღვრელი ნაწილი, თორემ კენჭისყრის პროცესში ისეთი უხეში დარღვევები, რაც ადრე იყო ხოლმე მუდმივად, ახლა, ბევრი დამკვირვებელი ადასტურებს, რომ აღარ ყოფილა.