საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, კვლავ დააბრუნეს ე.წ. შავ სიაში.
დეპუტატი განმარტებას საკრედიტო ბიუროსა და ეროვნული ბანკისგან, ასევე "საქართველოს ბანკისგან" ითხოვს.
მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) გასვლის გამო ამოღებული იყო მევალეთა ე.წ. შავი სიიდან, კვლავ დააბრუნეს მასში. ეს კანონდარღვევაა.
”საქართველოს ბანკმა”, რომელიც არის ”პრივატბანკის” სამართალმემკვიდრე, უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი. თუ კი, მაშინ რა მიზნით მოხდა ეს-იმიტომ ხომ არა, რომ უკვე ჩამოწერილი ვალების მქონე ადამიანები კვლავ მოხვედრილიყო ”ჩამოსაწერთა”(გულისმოსაგებთა) სიაში და ამით გაეზარდათ სტატისტიკა?
ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს აგრეთვე საკრედიტო ბიურომ და ეროვნულმა ბანკმა", - აცხადებს რომან გოცირიძე.