საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო

09:57 12-04-2018
85

საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო. ამჯერად მიზეზი მოსამართლის შვებულებაა.

წინა ჯერზე, საქმის არსებითი განხილვა მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. სუბელიანმა სასამართლოს განცხადებით თავად მიმართა, რადგან სხდომაზე დასწრება სურდა, ამიტომ საქმის განხილვის გადადება მოითხოვა.

სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა ასევე სამედიცინო ცნობაც. სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმი მიზანშეუწონლად მიიჩნევდა სუბელიანის სასამართლოზე ბადრაგირებას, თუმცა რა გართულებები აღენიშნება ბრალდებულს და კონკრეტულად რა გახდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, სამედიცინო ცნობაში მითითებული არ იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ არაფერი იცოდნენ ადვოკატებმაც.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ციხეში ჩაწერილი ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. ამ კონკრეტულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ავტორი: