რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართული კინოს ვარსკვლავს, კახი კავსაძეს, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ფაქტია, რომ მსახიობი, სცენაზე თამაშს, გარკვეული პერიოდი ვერ შეძლებს.
ინფორმაცია, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმომადგენლების მხრიდან, ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა:
ჩვენი თეატრის ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს დაესწროს სპექტაკლს „ანტუანი და პატარა უფლისწული“ - გაცნობებთ, რომ ამ თვეში დაგეგმილ წარმოდგენაში ცვლილებაა. ვინაიდან ყველასთვის საყვარელ მსახიობს, ბატონ კახი კავსაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, გარკვეული პერიოდი სცენაზე თამაშს ვერ შეძლებს, თუმცა დაგეგმილი წარმოდგენები აუცილებლად შედგება.
კახი კავსაძეს, მისი ვაჟი, ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, ირაკლი კავსაძე შეცვლის, რომელიც ვაშინგტონიდან, საგანგებოდ მოემგზავრება საქართველოში.
იმედი გვაქვს, ბატონი კახი, მომდევნო თვეებში დანიშნულ სპექტაკლებში თამაშს შეძლებს და მთელი თეატრის სახელით, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! - წერენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის ფეისბუქის გვერდზე.