პოლიტიკოსი ნიკა რურუა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ორგზის პარლამენტის წევრი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.
რურუა თბილისის მე-9 მუსიკალურ და 53-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო. მისი დასრულების შემდეგ კი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა. თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტობის პარალელურად იღებდა მონაწილეობას ეროვნული მოძრაობის მიერ წამოწყებულ საპროტესტო საქმიანობაში საქართველოში კომუნისტური წყობილების შეცვლისა და საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როგორც მოხალისე მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
1997-2001 წლებში სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სკოლაში გაემგზავრა. შეერთებულ შტატებში სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (ACLU) პრაქტიკანტად. 2001 წელს კი მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (JD).
რურუა საქართველოში 2001 წელს დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ევროგაერთიანების პროგრამა GEPLAC-ში (სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული რჩევის ქართულ-ევროპული ცენტრი), სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სამეწარმეო სამართლის ნორმების ევროპულ სამეწარმეო სამართლის ნორმებთან ჰარმონიზაციის პროექტს. პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ყოველდღიური გაზეთი 24 საათი. თავად სამართლებრივი მიმომხილველი და ამავე გაზეთის ყოველკვირეული დამატება „სამართლის” რედაქტორი იყო.
რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეც გახდა.
2006 წელს, თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დააარსა. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2010 წლის 30 ივნისიდან სამინისტროს სახელი შეეცვალა და დაერქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. უწყებას იგი 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.
ბოლო პერიოდში პოლიტიკოსი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სტატუსით იბრძოდა მისი და მისი თანამოაზრეების შეხედულებების დასაცავად.