"მემგონი აქ სატრაბახო არაფერი არ არის..." - კახა კალაძე პარლამენტის წინ კარვებში გამათბობლების მიტანაზე

11:06 12-05-2018
1991

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია იმით, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს კარვებში გათბობა უმონტაჟდებათ.

"მე არასდროს არაფერზე მიტრაბახია, სიმართლე უნდა ვთქვა. იქ შუქი იყო, უბრალოდ თვითნებურად, კუსტარულად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, შეიძლება პრობლემა წარმოქმნილიყო და შსს თან ერთად, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ ის, რომ ელემენტარულად ექნებათ ელექტროენერგიის წყარო, რათა ადამიანები არ დაზიანდნენ. მხოლოდ ეს იყო, მემგონი აქ სატრაბახო არაფერი არ არის,"- განაცხადა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში.

თავის მხრივ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ კახა კალაძეს და საპატრულო პოლიციას მადლობა გადაუხადა.

"მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტთან, სადაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგია შეიყვანა და ოთხი გამათბობელი დაამონტაჟა.