ნინოწმინდაში, ფოკას მეზობლად მდებარე სოფელ ასფარაში, თანაკლასელის მკვლელობისთვის ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ კიდევ ერთ სახლს წაუკიდეს ცეცხლი. ფაქტი დაახლოებით, 16:30 საათზე მოხდა.
ასფარაში მერის წარმომადგენელი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დამწვარი სახლი ნამდვილად ბრალდებულს ეკუთვნოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ამავე დღეს, სოფელში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა გადაწვეს.
"ეს სოფლის კანონია", – ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ "ასეთ დროს სოფელი ერთ მუშტადაა შეკრული". შსს-მ სხვისი ქონების დაზიანების მუხლით ამ ფაქტზეც დაიწყო გამოძიება.
მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.
ავტორი: ლელა სარიშვილი