გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გამოეხმაურა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის თელავში ინაუგურაციის საკითხს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ზურაბიშვილი სად დადებს ფიცს. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ინაუგურაციის ჩატარება დაუშვებელია.
„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განმარტა, რატომ აირჩია ინაუგურაციის ადგილად თელავი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, თელავში ფიცის დადება თავად მისი ინიციატივაა.
რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი, რატომ ავირჩიე თელავი არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, გაიმართება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 59 %-მა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი