საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება ჩემს მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო, – ასე პასუხობს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობიაშია“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე პირველ არხს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმუშავებს.
როგორც ვაშაძე ამბობს, პეტრო პოროშენკოსთვის რამდენიმე წელია მუშაობს და ამაში ახალი არაფერია.
„ცოტა მიკვირს, ეს ინფორმაცია ახლა რომ გავრცელდა. მე პოროშენკოსთან ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. ანტიკორუფციული სასამართლოდან დაწყებული, ანტიკორუფციული ბიურო, ყველა ეს ჩვენი შემუშავებული პროექტია. ახალი რა არის ამაში, ვერ ვხვდები. საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება ჩემს მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო ამ არჩევნებში. ყოველ კვირაში დავდივარ უკრაინაში, დღეს დავბრუნდი, გუშინ წინ გავფრინდი. ყოველ კვირაში დავფრინავ უკვე სამი წელია.
კითხვაზე, თანამშროლობა იქნება თუ არა თბილისიდან, ვაშაძე ამბობს, რომ ის „ქართულ პოლიტიკაში ჰიპერაქტიური იქნება“.
„ქართულ პოლიტიკაში ვიქნები ჰიპერაქტიური. თუ ვინმეს უნდა, რომ მე არ ვიყო ქართულ პოლიტიკაში, იმედი გაუცრუვდა. საქართველო არის ჩემთვის ნომერ პირველი მიზანი, ეს უნდა იცოდეს ყველამ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.