სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიას დაათვალიერებენ

13:05 12-06-2018
113

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დღეს, თელავში ჩავლენ. ისინი ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიას დაათვალიერებენ. ინაუგურაციის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის ინფორმაციით, დღეს საღამომდე ფიცის დადების ცერემონიის დეტალების ნაწილი დაზუსტდება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა. კონსულტაციებს ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძე, ასევე ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.

ასევე, თელავში ინაუგურაციის ჩატარების საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მომავალი პრეზიდენტის განმარტებით, ის არჩევნების ორივე ტურში თელავში დამარცხდა და ამ გადაწყვეტილებით სურს გამოხატოს, რომ ყველას პრეზიდენტია.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

 

 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი