საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს

13:56 12-07-2018
62

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.