საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფ ბლოქთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსეპქტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
აღინიშნა ნიდერლანდების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ინსტიტუციური განვითარების პროცესში ნიდერლანდების პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, მათ შორის, "მატრას პროგრამის" ფარგლებში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
მინისტრებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ხალხთაშორისი კონტაქტები, რაც გამოიხატა ჰოლანდიელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჰოლანდიის მხრიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებით საინტერესოა ნიდერლანდების ბიზნეს-წრეებისთვის.