საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს, ინგიბიორგ გისლადოტირს შეხვდა. შეხვედრა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები.
აღინიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების პროცესში გამოთქმული რეკომენდაციები.
როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ელოდება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთოს ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.