გია ვოლსკი: ოპოზიციის ქცევა არ შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს

15:56 12-07-2018
55
თეგები: გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქცევა, ინაუგურაციის დღეს, აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს ან ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მათი ქცევა შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს და იმ ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს.

ერთადერთი მიზანი ოპოზიციის ის არის, რომ ხმაური გამოიწვიოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას" - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში ჩატარება სიმბოლურია და მომავალმა პრეზიდენტმა ამის შესახებ პოზიცია უკვე დააფიქსირა.

„თელავი შერჩეული იყო იმ პრინციპით, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ვრცლად და სიღრმისეულად საუბრობდა, რომ არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი ყველასთვის, მათ შორის თუნდაც იმ რეგიონში, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მაინც წააგო ოპონენტთან. სიმბოლურია კახეთში ამ ინაუგურაციის ჩატარება და თუკი ერეკლე მეფის სასახლეზე მიდგა ლაპარაკი, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ იყო გამორჩეული და ესეც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს“, – დასძინა ვოლსკიმ.