მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი განმარტავს, რომ ინაუგურაციისთვის კომისია რამდენიმე ლოკაციას იხილავს. კონკრეტულად სცენარზე მუშაობა დასრულებული არ არის.
"ყოველდღე, კომისიის ფარგლებში ვისმენთ როგორც ინაუგურაციის ჩატარების სცენარზე ინფორმაციას, ასევე, კონკრეტულად უწყებების მხრიდან ინფორმაციას მათი კომპეტენციის ფარგლებში, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
საკითხი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განიხილება რამდენიმე ლოკაცია. თბილისთან მიმართებაში გეგმავს ახლად არჩეული პრეზიდენტი გვირგვინით შეამკოს ჭავჭავაძის საფლავი და გმირთა მემორიალი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს იქნება აუცილებლად თელავში და მესამე ლოკაციად იხილება წინანდალი, თუმცა დადასტურებულად არ შემიძლია ვთქვა, განხილვის პროცესში ვართ“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "ქრონიკასთან".
კახიშვილის თქმით, მას არ მიუღია კონსულტაციებში მონაწილეობა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის განმარტება, თუ რატომ განიხილება თელავი, სავსებით ლოგიკურია.
მისივე თქმით, მოსაწვევებს გაუგზავნიან ყველას, ვისაც პროტოკოლით ეკუთვნის, მათ შორის ოპოზიციას.
"მოსაწვევები გაგზავნილი იქნება ყველასთან, ვგულისხმობ საპარლამენტო შემადგენლობას. ვინ დაესწრება და ვინ არა, ეს მათი გადასაწყვეტია" - დასძინა კახიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში სავარაუდოდ ორშაბათისთვის უნდა იყოს ცნობილი იმ ადამიანთა სია, ვინც საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ექვსი წლის ვადით პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს.