რატომ თელავი – რა კავშირი აქვს ერეკლეს სასახლეს მონარქიის აღდგენასთან (ფოტოები)

11:06 12-10-2018
311

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

ერეკლეს სასახლე ერთადერთი სამეფო სასახლეა, რომელიც დღემდე შემორჩა. სულ მალე იქ პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში, და არამხოლოდ, დიდი ხმაური გამოიწვია. ბევრმა მიიჩნია, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმ დღეს დაგეგმილი აქციების შეეშინდა.

ერთი ასეთი აქცია ხომ 2008 წელს უკვე გავიარეთ. მაშინაც „გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელსაც გიორგი გაჩეჩილაძე ლიდერობდა და რომელიც საპრეზიდენტო მარათონზე სააკაშვილთან მცირე პროცენტით დამარცხდა, ასევე არ ცნობდა არჩევნებსა და სააკაშვილის ლეგიტიმურობას. თბილისში დიდი აქციაც დაიგეგმა, თუმცა, შედეგების გასაპროტესტებლად მიტინგზე მისული ხალხი სახლებში დაითხოვეს. მაშინვე ითქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდნენ. ნაცები კი არ იყიდებიან, ამას თავად ამბობენ, ამიტომაც ხელისუფლებამ თავის დაზღვევა გადაწყვიტა და ინაუგურაცია თელავში გადაიტანა.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც თელავში? ერთ-ერთ მიზეზად სალომე ზურაბიშვილის მონარქიული მისწრაფებები დასახელდა. არგუმენტად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ერთი წლის წინანდელი ფეისბუკსტატუსიც მოიყვანეს:

„როგორც მუდამ ყველაფერზე facebook-ის კომენტატორებს დაცინვის მეტის არაფრის თქმა შეუძლიათ, თუნდაც პატრიარქის ქადაგებაზე, მონარქიის თემაზე. პატრიარქს რომ არაფერი ეთქვა, ნუთუ იმას მაინც არ უნდა დავუკვირდეთ, როცა კონსტიტუციაზე ვმსჯელობთ და რატომღაც მივიჩნევთ, რომ ესა თუ ის რეჟიმი საქართველოს გააბრწყინებს, ვივიწყებთ, რომ ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მდგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანება... საპარლამენტო გამოცდილება პრაქტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავენ პარტიები, რომელთა ნდობა ნულზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედები და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტორიტარიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად... ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი... ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთ-ერთი გზა!

ეს გზაც მარტივი არაა და როგორც ყველაფერს, მზადება და გათვითცნობიერება სჭირდება, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ცარიელი სადღეგრძელოების მაგივრად კი გვმართებს ჩვენი ისტორიის ეს ელემენტარული გაგება და წარსული გამოცდილების პატივისცემა, რამეთუ წარსულიდან ზოგჯერ მომავალი უფრო კარგად იჭვრიტება“.

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს. ის, ალბათ, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თავის დროზე მხარს უჭერდა საპატრიარქოს პროექტს მონარქიის აღდგენის თაობაზე. ამ პროექტის ფარგლებში ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ 2009 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს იქორწინეს. ჯვარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. სამღვდელო პირების განცხადებით, ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო. ქორწინების შედეგად დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, რომელიც ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

პატრიარქმა ქადაგებაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე 2017 წელსაც იქადაგა, მაშინ ითქვა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მმართველ გუნდთან ერთად, ამ საკითხზე პატრიარქთან კონსულტაციას გეგმავდა, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, პატრიარქის განცხადებას კი არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ამ ქადაგებას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც თავის ფეისბუკპოსტით, რომელიც ზემოთ შემოგთავაზეთ.

ლოგიკურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა, ექსპერტები ლოგიკის ამ მიმართულებით განვითარებას არ ეთანხმებიან.

გია ხუხაშვილის განმარტებით, გამორიცხული არაფერია, თუმცა, ეს მაინც არადამაჯერებლად ჟღერს და სიმბოლოებით თამაშს უფრო ჰგავს:

„სჯობს, რესპუბლიკის მშენებლობითა და ინსტიტუტების დალაგებით დავკავდეთ, ეს რაღაც მონარქიული წყობა რომანტიკულად ჟღერს და წარმოუდგენელია. მაშინ მერე იმის გარკვევა დაიწყება, ვინ არიან თავადები, დიდგვაროვნები... ამ მიმართულებით თუ ჩავღმავდებით, ისეთ სამოქალაქო ომს მივიღებთ, რომელსაც ვერ გადავიტანთ, გადავიტანეთ რამდენიმე და ამას ვეღარ გადავიტანთ. ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროექტია“.

და მართლაც, ბაგრატიონის ტახტის აღდგენის მოლოდინში, როგორც მედიაში წერდნენ, ნათავადარი ქართველები დოკუმენტებს აგროვებდნენ თავიანთ ადგილმამულებზე. „სამეფო კლუბი“, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაარსდა, უმთავრესად ამ საკითხებით იყო დაკავებული.

თელავში ბატონის სასახლე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში დაფუძნდა და 1801 წლამდე სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა. და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ერთადერთი სამეფო სასახლეა, რომელიც შემორჩა. სააკაშვილმა მას რესტავრაცია არ გაუკეთა, რა მიზეზით, უცნობია, თითქოს დაგეგმილი იყო და ფულიც გამოყოფილი ჰქონდათ, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაიძრა.

სასახლის რესტავრაცია „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო, ის ექვსი წელს გაგრძელდა, პროექტის ღირებულებამ 14 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა. უკვე რესტავრირებული კომპლექსი 2016 წელს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

რამდენიმე დღეში კი იქ ფიცს სალომე ზურაბიშვილი დადებს. მისი განცხადებით, თელავზე მან ყურადღება მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ იქ არჩევნები წააგო.

„ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი“, – განაცხადა მან.

გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს თელავში არჩევნები 776 ხმით მოუგო.