საპარლამენტო უმცირესობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს

16:36 12-10-2018
79
თეგები: ოთო კახიძე

საპარლამენტო უმცირესობა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამბობს, რომ მინისტრმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, მინისტრის გარდა უნდა დადგეს განათლების უწყების შესაბამისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მასშტაბით გამოყენებას და მათ შორის, ეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხო.

ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს ასევე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“.