ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის -ამის შესახებ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა.
„სიტყვები არ მყოფნის. ალბათ, ჩემი ოჯახი იამაყებს ჩემით და მეც ვამაყობ. ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა და რაც ყველაზე საამაყოა, ეს ბევრად დიდი ჯილდოა, ვიდრე როგორც ფეხბურთელის და სპორტსმენის. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის,“ - განაცხადა გურამ კაშიამ.
კაშიას გარდა საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია, რეჟისორები: თემურ ჩხეიძე, გელა კანდელაკი, ლევან ჭოღოშვილი, ასევე პროფესორი ზურა კიკნაძე, მომღერალი მანანა მენაბდე, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ნორვეგიელი სვენდ ვოგე და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი.