თამარ ჩუგოშვილი: „რამდენიმე წელია სახელმწიფომ დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულების კუთხით“

00:06 12-11-2018
93

„საკანონმდებლო გარემო - როგორც კონსტიტუცია, ასევე რეგლამენტი გვაქვს ძალიან კარგი იმისთვის, რომ პარლამენტმა თავისი ადგილი პოლიტიკურ სისტემაში დაინახოს სხვანაირად  და შეასრულოს ბევრად უფრო განსხვავებული როლი, ვიდრე ის ამას ასრულებდა წლების განმავლობაში,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკანომდებლო ორგანოში მიმდინარე კონფერენციაზე - „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“.  

თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში, დღევანდელი დღის  აღნიშვნის მნიშვნელობაზე და საპარლამენტო ზედამხედველობის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევა.

„რამდენიმე წელია სახელმწიფომ დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხისადმი დამოკიდებულების კუთხით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რეგლამენტი პარლამენტისთვის კონსტიტუციის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია და ეს ორი კანონი ყველაზე მეტად განსაზღვრავს, თუ როგორი პარლამენტი ჰყავს ქვეყანას, რას აკეთებს პარლამენტი და როგორი მანდატი აქვს.   „საკონსტიტუციო ცვლილებებმა ძალიან გააძლიერა პარლამენტის როლი და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახულია ახალ რეგლამენტში. თვითონ რეგლამენტიც გვთავაზობს მნიშვნელოვან ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი ეხება ყველაფერს - თუ როგორია კანონშემოქმედებითი პროცესი, როგორი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა პარლამენტის მუშაობაში, როგორი უნდა იყოს ღიაობა, გამჭვირვალობა და ა.შ. მე დღეს ვისაუბრებ მხოლოდ საზედამხედველო ფუნქციაზე“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლი და საპარლამენტო ზედამხედველობა პარლამენტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც პარლამენტი წლების განმავლობაში თითქმის არ ასრულებდა ან ასრულებდა ძალიან სუსტად.

„საპარლამენტო კონტროლი გულისხმობს იმას, თუ რამდენად ძლიერია პარლამენტი როგორც ხელისუფლების შტო, რამდენად ახერხებს აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, აკონტროლოს სხვა თანამდებობის პირები და ორგანოები და საზოგადოებას ჰქონდეს იმის სრული განცდა, რომ ის თემები, რაც მათ აწუხებთ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა ეს თემა ისმის საპარლამენტო ტრიბუნიდან და პასუხი გაეცემა სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა პარლამენტის ახალი რეგლამენტის რამდენიმე ძირითად სიახლეზე. მისი განცხადებით, პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ საზედამხედველო მექანიზმი საგამოძიებო კომისიაა.

„რეგლამენტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი პარლამენტის ხელში, ძლიერი იარაღი საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად, რომლითაც პარლამენტის წევრებს აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლება აწარმოონ გამოძიება, დაკითხონ ნებისმიერი პირი, მოიძიონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებათ. საკონსტიტუციო  ცვლილებებმა გაამარტივა საგამოძიებო კომისიის შექმნა. დამატებით ჩვენ გავამარტივეთ რეგლამენტში სხვა ტიპის დროებითი კომისიების შექმნაც“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ინტერპელაცია, რომელიც  კონსტიტუციამ დაამკვიდრა,  უძლიერესი ინსტრუმენტია საქართველოს პარლამენტის ხელში.

„ინტერპელაცია  გულისხმობს იმას, რომ როდესაც ექვს პარლამენტის წევრს გაუჩნდება კითხვა ნებისმიერ თანამდებობის პირთან, ეს პირი უნდა მოვიდეს და სხდომათა დარბაზში პირადად უნდა გასცეს პასუხი ასეთ შეკითხვას“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება პრემიერ მინისტრის ანგარიშის მოსმენას.

„კონსტიტუციური ცვლილებების თანახმად, პრემიერ მინისტრი წარმოადგენს ანგარიშს პარლამენტში.  შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის დასასრული იქნება ძალიან საინტერესო, როდესაც პრემიერ მინისტრი პირადად წარდგება მთავრობასთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მის მოხსენებას მოჰყვება კითხვა-პასუხი და დებატები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა მინისტრის საათზე,  საკომიტეტო დონეზე საპარლამეტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე,  ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის მიზნით მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის შექმნაზე, ნდობის ჯგუფის გაფართოებულ მანდატზე, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს საზედამხედველო  და მაკონტროლებელ ფუნქციებზე.