გია ვოლსკი - საქართველოში ელჩის დანიშვნაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს

11:32 12-11-2018
92
თეგები: გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში ელჩის დანიშვნა არის აშშ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე ქართულ მხარეს არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ იმოქმედოს.

ამით გია ვოლსკი Foreign Policy-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკსი დაბლოკა.

“რაც მთავარია, Foreign Policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო. იქ ექსპერტები თავიანთ მოსაზრებებს ხშირად წერენ და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილიდან - არც ქართული მხარე და არც ამერიკული მხარე არ ადასტურებს, რომ შესაძლოა ქართულ მხარეს ჰქონდეს რესურსი და იმის ნება, რომ აშშ-ს მიერ დანიშნული ელჩი ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაბლოკოს. ეს სტატია და მოსაზრებები სინამდვილისგან ძალიან შორს არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ამერიკის ელჩის კანდიდატურას ბიძინა ივანიშვილი ბლოკავს - ამის შესახებ Foreign Policy-ის სტატიაშია ნათქვამი. საუბარია საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვაზე.

სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.

სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.