„ღალატის შემდეგ საჩუქრის ფული არაფერს აღარ წარმოადგენს“ - რას განიცდის მსახიობის რეალური ცოლი - exclusive

13:21 12-11-2018
2560

მას მერე, რაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, მაყურებლის ნაწილის კრიტიკა და შეურაცხყოფა დაიმსახურა. იოსებ ხვედელიძის გმირი განსაკუთრებით საძულველი ქალბატონებისთვის გამოდგა. მაცდურმა ექიმმა მოახერხა ქეთისთვის გონება აერია და სიყვარულის სახელით ლოგინში შეეტყუებინა. სერიებს, სადაც ქეთი ზაზას ღალატობს, განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში. „ჩემი ცოლის გაბოზებას წარმოვიდგენდი და ამ ქალისას არაო, წერს მაყურებელი.

ერთი სიტყვით, როგორც ხდება ხოლმე, მაყურებლის ნაწილი მსახიობს თავის გმირთან აიგივებს და კრიტიკის ქარცეცხლში ახვევს.

იოსებ ხვედელიძე „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობია. დაუვიწყარი გმირი შექმნა სერიალში „ტიფლისი“. მისი განსახიერებული „ნაპოლეონი“ მაყურებელს დღემდე ახსოვს... აგრეთვე, მონაწილეობდა „ხელოვნურ სუნთქვაში“. დანარჩენს ჩემი რესპონდენტი თავად გიამბოთ.

– იოსებ, რთულია მოღალატე აჩიკოს ტყავქვეშ ცხოვრება?

– უარყოფითი პერსონაჟი აქამდეც მითამაშია, „ხელოვნურ სუნთქვაში“, მაგრამ მსგავსი რეაქცია არ მახსენდება. როგორც ჩანს, ღალატზე განსაკუთრებული რეაქცია გვაქვს ქართველებს და მეტი უარყოფითი ტალღა წამოვიდა ჩემკენ. ვცდილობ, ავიტანო, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მაინც პერსონაჟისკენ არის მიმართული და არა ჩემკენ.

– შენთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი მაყურებლისთვის, როგორია ამ გმირის ყურება?

– მე პირადად არ მომწონს, როცა ქალი დაბნეულია და კიდევ უფრო მეტად აბნევს მამაკაცი. მაგრამ, თუ აჩიკოს ქეთი უყვარს, მაშინ შეიძლება გავამართლოთ კიდეც...

– ანუ შენ კიდევ გჯერა, რომ აჩიკოს ქეთი უყვარს?

– ვერ გეტყვით, არ ვიცი. მეც თქვენთან ერთად ვეცნობი ჩემს გმირს და მის ცხოვრებას. არ ვიცი, რას გვიმზადებს სცენარისტი. მიუხედავად იმისა, რომ აჩიკოს სხვა დროსაც უღალატია ცოლისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჯერზე მართლაც შეყვარებულია...

– ერთი კარგი კომენტარიც წავიკითხე შენი გმირის მისამართით: კარგიც დაინახეთ, ყველაფრის მიუხედავად ხომ ახერხებს, რომ კარგი ქმარი იყოსო, წერენ...

– კარგია, თუ წერენ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ღალატის შემდეგ საჩუქრის ფული არაფერს აღარ წარმოადგენს. მთავარი ფასეულობა თუ ირღვევა, იქ ფინანსები ძალიან უმნიშვნელო ხდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაცადოთ, ჯერ არ ვიცით, უარყოფითია თუ არა ჩემი პერსონაჟი.

– მაყურებელმა, ალბათ, არ იცის, რომ რეალურად შენ დიპლომიანი ექიმი ხარ.

– კი. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდეგ ჩავაბარე თეატრალურში.

– სამედიცინო ფაკულტეტზე ვისი ხათრით ჩააბარე, გამოტყდი...

– უფრო მშობლების ნებას დავყევი. მამა ქიმიკოსია და ბევრი ექიმი ჰყავს გაზრდილი და სურდა, მეც ამ გზას გავყოლოდი. თუმცა ბავშვობიდან მიყვარდა სცენა. ჭიათურაში საბავშვო სპექტაკლებში ვმონაწილეობდი ხოლმე. 22 წლის ასაკში, როცა უკვე თეატრალურში ჩავაბარე, მივხვდი, რომ ეს ბავშვობის სურვილი ნამდვილი იყო და სწორი. ექიმის პროფესიით არასდროს მიმუშავია. დიპლომი კი მიდევს სახლში.

– შენი ნამდვილი მეუღლე ხომ არ განიცდის, ასე რომ გაკრიტიკებენ სოციალურ ქსელში?

– რა თქმა უნდა, განიცდის, რადგან აქ უკვე ხაზს უსვამენ ჩემს გარეგნობას. წერენ, რომ მახინჯი ვარ, მელოტი კუ, კუბოდან ამოთრეული, არ უჩივის ხალხი ფანტაზიას (იცინის). არ მგონია, რომ ეს ყველაფერი აჩიკოს მისამართით იყოს დაწერილი. მოგეხსენებათ, მე არ ვთამაშობ მელოტს, უბრალოდ, თმა არ მაქვს თავზე. თვითირონიული ვარ და თავად დიდად არ მაწუხებს ეს ამბავი, მაგრამ მთლად გულგრილიც ვერ ვარ.

– მოდი ახლა შენს ნამდვილ ოჯახზეც მიამბე. როგორ გაიცანი შენი მომავალი მეუღლე, ნათია ბერაძე?

– ნათია აღმოსავლეთმცოდნეა და ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი. ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთი გავიცანით, 2006 წელს, 4 წელიწადში შევქმენით ოჯახი. 

– დადის შენს სპექტაკლებზე?

– კი და ძალიან კარგი მაყურებელია. ჩემთვის მის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავარი კრიტიკოსია ჩემთვის.

– მარტივად მოახერხე ქეთის მოხიბვლა სერიალში. საინტერესოა, როგორ მოხიბლე თავის დროზე მომავალი მეუღლე...

– საკმაოდ გულწრფელი ადამიანი ვარ. ამ ემოციებს ზუსტად ვერ გადმოგცემთ. უბრალოდ, გრძნობ, როდის უნდა თქვა, რომ მოგწონს, გიყვარს.

– შვილებზეც მიამბე...

– 7 წლის კატო და 5 წლის დაჩი, რომელიც ჩემს შვილს თამაშობს სერიალშიც.

– ვიცი, რომ ფაზლების აწყობით ხართ გატაცებული მამა-შვილი.

– ჰო, მე და კატოს გვიყვარს ფაზლების აწყობა. სამწუხაროდ, გადატვირთული რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ბავშვებთან ყოფნას. როცა ჩემი სამუშაო დღე სრულდება, მათ უკვე სძინავთ. სამწუხაროდ, დასვენების დღეებიც არ მაქვს. ან ვახმოვანებ, ან რეპეტიცია ან გადაღება...

– ბავშვები თუ უყურებენ ამ სერიალს?

– არა. მხოლოდ მისი სერია ვაჩვენეთ დაჩის, სულ ეს იყო. მაგრამ არ მგონია, 5 და 7 წლის ბავშვებმა ამ სერიალს უნდა უყურონ.

– საწოლის სცენები იოლად გადაიღეთ თუ იყო მაინც გარკვეული უხერხულობა?

– ისეთი სცენა არ გვქონია, რომ განსაკუთრებული უხერხულობა შეგვქმნოდა. ვცდილობთ, ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, ცოლისა და საყვარლის სახით, და ვფიქრობ, ბოჭორას (გიორგი ბოჭორიშვილს, ზაზას როლის შემსრულებელს გულისხმობს. – ავტ.) სახითაც, ერთი ორს რომ მომდებს ყბაში, კი ვგრძნობ (იცინის).

– ელოდები, როდის მოვა ზაზა შენთან?

– ყოველი ახალი სერიის სცენარს ველოდები მეც, თქვენთან ერთად.

– რეალურ ცხოვრებაში ასეთი არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყავი, ტყუილში იცხოვრებდი თუ ოჯახს მიატოვებდი საყვარელი ქალისთვის?

– ტყუილში ცხოვრებას ცალსახად არ მივესალმები. მაგრამ ძალიან რთულია, არსებული მდგომარეობიდან სწორი პასუხი გავცე ამ კითხვას. ცხოვრებაში ასეთი მომენტი არ მქონია, საბედნიეროდ. წინასწარ რამის თქმა და მტკიცება რთულია, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ყველაზე მთავარია და რთულად წარმომიდგენია ოჯახის დანგრევა.

– რაც არ უნდა დიდი სიყვარული გეწვიოს? თუ როგორ უნდა გეწვიოს, თუ ოჯახი გაქვს?

– როგორ უნდა გეწვიოს, თუ ოჯახი გაქვს, – ესეც არა. მაგრამ ოჯახი უმთავრესია ჩემთვის.

– თეატრზეც მიამბე...

– „სამეფო უბნის თეატრში“ დაკავებული ვარ სპექტაკლში „დიდი შესვენება“. 15 წლის წინათ დამთავრებული გვაქვს სკოლა კლასელებს. ვხვდებით ერთმანეთს და ვიხსენებთ ძველ ურთიერთობებს, რომელიც არც ისე სახარბიელოა. არის ბულინგის თემატიკაც. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო სპექტაკლია. გეპატიჟებით.

– დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე ჩვენთვის.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი