იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ კარზე დაკაკუნების პრინციპით მოიყვანონ ხალხი აქციაზე.
როგორც ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრაიმტაიმს განუცხადა, სამი პარტია ჯერ ხალხის მოყვანას ეცდება და შემდეგ იფიქრებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე.
დღეს ვეცდებით, აქციის მასშტაბები გავზარდოთ. დავილაპარაკებთ ორგანიზაციულ საკითხებზე, რომ სხვა მეთოდები გამოვიყენოთ. მაგალითად კარზე დაკაკუნებით და ხალხის მობილიზებით. განიხილება ეს საკითხი. თუ დღეს ვნახეთ, რომ მედიის მხარდაჭერას ვერ მივიღებთ, ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება. ეს გამომიყენებია. 7 ნოემბრის აქციაზე ქართული დასი იყო ამის ინიციატორი. ჯერჯერობით აქ ვართ სამი პარტია - ქართული დასი, ქართული იდეა და პატრიოტთა ალიანსი. ჯერ მიზანია რომ ხალხის რაოდენობა გაიზარდოს და მერ ეუკვე ვიფიქრებთ დაუმორჩილებლობაზე, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვა დროებით გაუქმდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის უფლებას ართმევს, ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს.