იუსტიციის სახლში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქციის მონაწილეები საყვირებით აცილებენ (ვიდეო)

14:00 12-11-2018
201

აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შემსველელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საყვირებით აცილებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, ეს იქნება სიმბოლური პროტესტი მათი მხრიდან, რადგან მათი ინფორმაციით, შენობაში იმყოფებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არის გამორიცხული მიწის რეგისტრაციის საკითხს აგვარებდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვა დროებით გაუქმდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის უფლებას ართმევს, ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს.