არ ვთვლი, რომ დღეს რამე განსაკუთრებული მოხდა- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებას. მისი თქმით, ჩხუბი მხოლოდ საქართველოს პარლამენისთვის არ არის დამახასიათებელი
„არ ვთვლი, რომ დღეს რამე განსაკუთრებული მოხდა. პარლამენტში აბსოლუტური განურჩევლობაა. ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ის ადამიანები გვესაუბრებიან, რომლებიც პოლიტიკოსების მანტიით სარგებლობენ და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი უნდა უყაროს, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. სანამ დამნაშავეების დასჯა არ მოხდება, სიმშვიდე არ იქნება და დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგება. ეს ყველაფერი მოღალატეობრივი კოაბიტაციის შედეგია”, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.