„თელავში, 16 დეკემბერს საპროტესტო აქცია ისტორიული ჭადრისა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის მდებარე მოედანზე გაიმართება“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, აქციის ჩატარების მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დღეს მიმართეს. მისივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება და კონსტიტუციის ყველა ნორმის დაცვით ჩატარდება.
„16 დეკემბერს თელავში აქცია რომ ჩავატაროთ, ყველა პროცედურა გავიარეთ დღეს. აქციის ჩატარების მოთხოვნით შესაბამისი წერილით დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. გარდა ამისა, ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრულო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. აქცია 14 საათზე დაიწყება“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, როგორ აფასებს ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია თელავში აქციას არ შეუერთდება, გიორგი ბოტკოველმა უპასუხა, რომ ყველაზე მთავარია, მანიფესტაციას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრებიან.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი