"ხალხი გვყავს და გვაქვს ჩვენი წვდომა იუსტიციის სახლის თბილისის ცენტრალურ სერვერზე" - ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვა თანამოაზრეები იუსტიციის სახლთან აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილი ადამიანები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების დარეგისტრირებას აპროტესტებენ.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, იმ მოსამართლეების ვინაობა, ვინც ქართულ მიწას უცხოელებზე ყიდის საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ბაღათურია ამბობს, რომ საზოგადოებისთვის საინფორმაციო მასალების დაბეჭდვას და ე.წ ანტიკორუფციული რვაფეხას სისტემის ამოქმედებას გეგმავენ.
„ექვსმა მოსამართლემ ქართული მიწის გაყიდვას მხარი დაუჭირა. ამაში დიდი ფულია აღებული. ჩვენ ვაპირებთ, მათი პლაკატები გამოვაკრათ ქალაქში, რადგან ყველამ იცოდეს მათი ვინაობა. დედაბუდიანად მიწიდან ამოვიღებთ ყველა კორუმპირებულ მოსამართლესა და მაღალჩინოსანს. გადავწყვიტეთ აღვადგინოთ "ქართული დასის" ე.წ ანტიკორუფციული რვაფეხას სისტემის ამოქმედება. პირველი დაინტერესება იქნება ამ ექვსი მოსამართლის პირადი ქონება, მათი კორუციული საქმიანობა. ამას დაემატება ორი პოლიტიკური პირი როცა მათზე არგუმენტები გვექნება“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ იუსტიციის სახლში ხალხი ჰყავთ, რისი მეშვეობითაც იუსტიციის სახლის თბილისის ცენტრალურ სერვერზე წვდომა აქვთ:
"ტექნიკური რეგლამენტაცია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა გულისხმობს, ერთიან სერვერზე ინფორმაციის შემოსვლას, რომელსაც აკონტროლებს იუსტიციის სახლი. ოთხი დღეა ვდგავართ და აქ და ხვალ იქნება მეხუთე - დამაგვირგვინებელი. თუნდაც ქუთაისის იუსტიციის სახლში ატვირთული ნებისმიერ ინფორმაცია, აისახება თბილისში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონტროლის მექანიზმი, თბილისის ცენტრალურ სერვერზე, სადაც დიახ, ხალხი გვყავს და გვაქვს ჩვენი წვდომა.
აქ, იუსტიციის სახლში, არის ძალიან ბევრი პატიოსანი იურისტი, პატიოსანი საჯარო მოხელე, რომლებიც თანამშრომლობენ საკუთარ სინდისთან. ნუ მკითხავთ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. ეს არის ლეგიტიმური ინფორმაცია, იმიტომ, რომ აქ პატრიოტები მუშაობენ" - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ მათი ინფორმაციით ამ დრომდე ჯერ არცერთი მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გაყიდულა.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, 10 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები დაირეგისტრირონ.