რით უნდა დაამახსოვრდეს გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას - ამ კითხვით პრაიმტაიმმა რამდენიმე პოლიტიკურ ექსპერტს მიმართა.
შეხედულებები არაერთგვაროვანია. მაგალითად, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილს თავი საზოგადოებისთვის არაფრით დაუმახსოვრებია.
არაფრით! მან გააცდინა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოსტი. ის იყო ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომელმაც გააცდინა ხუთი წელი. მას შეეძლო უამრავი სასიკეთო საქმე გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის - ამბობს პრაიმტაიმთან ლაგაზიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, არის მაქსიმალურად კომფორტის მოყვარული ადამიანი და საკუთარ თავს არ შეუქმნა დისკომფორტი, ამიტომაც არ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტს, თავისი დამსახურება აქვს ქვეყნის ისტორიაში. ექსპერტი ამბობს, რომ მარგველაშვილმა იმუშავა როგორც კონსტიტუციაზე, ასევე მედიისა და სამოქალაქო განვითარების კუთხით.
პირველი - ცდილობდა ყოფილიყო პარტიული პოლიტიკის მიღმა, მაგრამ საზოგადოებაში მიმდინარე პრობლემებზე გავლენის მქონე პრეზიდენტი.
მეორე - არის პრეზიდენტი, რომელმაც სცადა კონსტიტუცია არ ყოფილიყო პარტიული ინტერესებით გაჯერებული.
ასევე, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერდა თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. მაგალითისთვის, ის მხარს უჭერდა ესეების და ჟურნალისტებისთვის კონკურსებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის - განაცხადა ალაფიშვილმა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის მმართველობაზე დადებითი ხედვა აქვს, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც.
საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის პირველი პრეზიდენტი იყო და საკმაოდ აქტიური. ბევრ საპარლამენტო ქვეყანაში, არც იციან პრეზიდენტი ვინ არის, მარგველაშვილის შემთხვევაში ასე არ არის. მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას დასავლური სტანდარტების დამკვიდრებით. ასევე, იბრძოდა იმისთვის, რომ გაეძლიერებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამ ბრძოლის პროცესში შიგადაშიგ ახალგაზრდული გაჯიუტება ჰქონდა, თუმცა პრინციპში გასაგებია იმ ფონზე, რომ რთულ კონსტიტუციურ პირობებში მოუწია მუშაობა. ასე რომ, პრინციპში პოზიტიური როლი შეასრულა ისტორიის ამ ეტაპზე მარგველაშვილმა - განუცხადა პრაიმტაიმს საყვარელიძემ.
საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კვირას, 16 დეკემბერს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი კი სალომე ზურაბიშვილი გახდება.