ბრძანებულება, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესი შეიცვალა, ძალაში შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 13 დეკემბრის №510 ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ცვლილებები „საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულებაში განხორციელდა და 23-ე მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა.
ბრძანებულების თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. ფიცის დადებამდე შემოაქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. ცერემონიალში მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ცერემონიას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები. ასევე შეიძლება, ესწრებოდნენ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებიდან მოწვეული სხვა პირები" “, – აღნიშნულია ბრძანებულებაში.