პასკალ მენიე: „ინაუგურაციაზე ბევრი ფრანგი ჩამოდის"

13:45 12-15-2018
125

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთიდან ბევრი სტუმარი ჩამოვა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, მას საფრანგეთში მაინც ბევრი მეგობარი ჰყავს.

„ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს მაშინ საფრანგეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა მას საფრანგეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო მასშტაბით მეტ ყურადღებას მიიქცევს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხვალ ჩამოვა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი ნიკოლა სარკოზი ყოფილიყო. როგორც იცით, სარკოზიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2008 წელს, ის იყო ევროკავშირის თავმჯდომარე და ძალიან აქტიური იყო იმ გამოსავლების ძიებაში, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის იმ საშინელ მომენტში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტას მოემსახურებოდა.

ის ხვალ ჩამოვა, დელეგაციაში სხვა ყოფილი მინისტრიც გვყავს, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა", – განაცხადა პასკალ მენიემ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, კვირას, 16 დეკემბერს გაიმართება.  

ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ფიცის დადების ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

ინაუგურაციას საქართველო კათოლიკოს პატრიარქი ილია II და 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

ავტორი: