პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია

14:01 12-15-2018
89

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა. ინაუგურაციის წინა დღეს თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან.

წინასწარი ინფორმაციით, გენერალური რეპეტიციაში, რომელიც 15:00 საათზე უნდა დაიწყოს, მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 200 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მიიღებენ.

არსებული ინფორმაციით, ხვალ დილიდან თელავის ცენტრში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ღონისძიებები კი მხოლოდ თელავში გაიმართება. ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების მოწვეულ სტუმრებს წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში მიიღებენ.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, 50-მდე ქვეყნის 150 წარმომადგენელი, მათ შორის, პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.

 

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი