როგორია ქართული ინაუგურაციების კულისები და რა მოთხოვნები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტებს, ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს. ამ შეკითხვით „პრაიმტაიმი“ იმ ადამიანებს გაესაუბრა, ვინც ინაუგურაციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა "პრაიმტაიმთან" ზვიად გამსახურდიას ფიცის დადების დღე გაიხსენა. მისი თქმით, განსაკუთრებული ღონისძიებები არ ჩატარებულა.
"მაშინ არ იყო გაწერილი ინაუგურაციის წესი და არც არსებობდა ამის გამოცდილება. ამის გარდა, მთავარი იყო, რომ ჩვენ ვერიდებოდით ზედმეტ პომპეზურობას. ვფიქრობდით, რომ ეს საკითხი მსოფლიოს მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შესაძლოა დასმულიყო. მანამდე ვიყავით ბრძოლაში, ზვიად გამსახურდიას მიერ ფიცის დადებაც ომში ფიცის დადებას ჰგავდა. მახსოვს, ძალიან ღელავდა ფიცის დადების დროს. კადრებიც ადასტურებს, რომ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პრეზიდენტმა ფიცი დადო ტრიბუნასთან. ეს იყო ჩვეულებრივი სხდომა, მოვიწვიეთ უწმინდესი, რაც იყო ხაზგასმა ამ მოვლენის მნიშვნელობისა. მისმა მოსვლამ შესძინა ამ დღეს საზეიმო სახე. ზვიად გამსახურდიამ ფიცი დადო ბიბლიაზე. ისეთი პერიოდი იყო, ზედმეტი ბაქიბუქი არ გვინდოდა.
ჯერ პარლამენტმა აირჩია ზვიადი პრეზიდენტად, 26 მაისს ჩატარდა საყოველთაო სახალხო არჩევნები.
კითხვაზე, ესწრებოდნენ თუ არა ფიცის დადების ცერემონიალს ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ასათიანი ამბობს, რომ "ინაუგურაციის დღეს ფიცის დადებას ესწრებოდნენ ისინი, ვინც წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში – კომუნისტები, სახალხო ფრონტი, რესპუბლიკელები. დანარჩენებს არჩეული ჰქონდათ რადიკალური გზა – ბრძოლის პოზიცია".
"ისინი იყვნენ პოლიტიკური ხულიგნები, რაც მერე დრომ დაადასტურა, მათ ვერ მოვიწვევდით. ახლა რომ ვიხსენებ, პრეზიდენტის ფიცის დადებაზე მეტად ემოციური იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, კადრებშიც ჩანს, ცოტა უხერხულიც კი არის, ისე გამოვიყურებით. საპრეზიდენტო ფიცის დადების დღეს ზვიადი ძალიან დამუხტული იყო, ტექსტსაც ისე კითხულობდა, მკაფიოდ, დაბეჯითებით, გულწრფელად. ფიცის დადების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება კრწანისის სამთავრობო კომპლექსში, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, ხელოვნების წარმომადგენლები. ეს იყო 200-300 კაციანი ბანკეტი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა ფორმატში უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, და გავიხსენებთ მოგვიანებით სხვა პრეზიდენტების მიერ ჩატარებულ მასშტაბურ ინაუგურაციებს, რომლებიც თან აღლუმის სახეს იღებს და პარალელურად მღერიან მრავალჟამიერს, ჩვენ ამ დღეს ასეთი პომპეზურობით, ალბათ, არ უნდა აღვნიშნავდეთ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინაუგურაცია პომპეზურად ტარდება, არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ამ ღონისძიების მასშტაბურობას თავისი დატვირთვა აქვს" - განაცხადა ასათიანმა.
სრული მასალა იხილეთ გაზეთ "პრაიმტაიმის" ორშაბათის ნომერში.