როგორია ქართული ინაუგურაციების კულისები და რა მოთხოვნები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტებს, ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს. ამ შეკითხვით „პრაიმტაიმი“ იმ ადამიანებს გაესაუბრა, ვინც ინაუგურაციებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ყოფილმა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ პრაიმტაიმთან ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაციები გაიხსენა.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტად არჩევა მოხდა კონსტიტუციის მიღების შემდეგ –1995 წლის ნოემბრის დასაწყისში. მისი პირველი ინაუგურაცია ჩატარდა, დადგენილი წესით, დეკემბერში. მაშინ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა ინაუგურაციის ჩატარების გამოცდილება, თუმცა, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გამოცდილება და საქმიანი კავშირები დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან, ის ფლობდა ინფორმაციას, როგორ იმართებოდა ინაუგურაციები ევროპის ქვეყნებში. მისი მიდგომა იყო, რაც შეიძლებოდა სადად ჩატარებულიყო ინაუგურაცია. მთავარი ღონისძიება იყო ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც გაიმართა პარლამენტის წინ. ეს იყო ინაუგურაციის კულმინაცია. შემოსაზღვრულ სივრცეში აღმართული იყო ტრიბუნა, სადაც სიტყვით გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. ცერემონიალს ესწრებოდნენ ელჩები, პარლამენტის წევრები, მინისტრები. ედუარდ შევარდნაძემ წაიკითხა ფიცი და შემდეგ წინასწარ მომზადებული სიტყვა. მახსოვს, ის დღე ქარიანი იყო, ფიცის დადებამდე ედუარდმა ჩვეული ხუმრობით იხუმრა, ახლა ფიცს დავდებ და ქარი ჩადგებაო, მართლაც ასე მოხდა. ფიცი დადო და მზემ გამოანათა. ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა მიღება, რომელსაც საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ედუარდ შევარდნაძის მეორე ინაუგურაცია იყო 2000 წლის გაზაფხულზე. ეს ინაუგურაცია არაფრით არ განსხვავდებოდა პირველისგან, არ ყოფილა ისეთი პომპეზურობა, რაც იყო შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ინაუგურაცია პომპეზური გახდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მოთხოვნით. მას სურდა, რომ რაც შეიძლება გრანდიოზული ყოფილიყო ეს ცერემონიალი - ამბობს ყოფილი პარლამენტარი.
მამრაძე ყვება, რომ ედუარდ შევარდნაძე პროტოკოლის დარღვევის უფლებას არავის მისცემდა, ამიტომ ინაუგურაციის ცერემონიალზე ყველა საჭირო პირს ეპატიჟებოდნენ.
ჩვენ ყველა გვყავდა დაპატიჟებული, მაშინდელი პარლამენტის ოპოზიციური პარტიები მოდიოდნენ კიდეც ცერემონიალზე. მე როგორც მახსოვს, ინაუგურაციაზე მოწვეული იყო ჯუმბერ პატიაშვილიც, რომელიც ორივე საპრეზიდენტო არჩევნებზე ედუარდ შევარდნაძის ძირითადი კონკურენტი იყო.
მეორე არჩევნების დროს ბლოკის კანდიდატი ასლან აბაშიძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჯუმბერ პატიაშვილმა თავისი კანდიდატურა მაინც წარადგინა. ედუარდ შევარდნაძეს მათი დაპატიჟების პრობლემაც კი არ ჰქონდა, თუმცა ისინი ინაუგურაციაზე არ მოსულან.
დღეს ჩვენთან პრეზიდენტის როლი და ფუნქცია არის სიმბოლური, რომ პომპეზურობა, რაც შესაძლოა, ახლდეს ინაუგურაციას, არის ჩვენი პროვინციული მარაზმი. ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული რუტინული პროცედურა, რომელსაც არანაირი პომპეზურობა არ სჭირდება - ამბობს მამრაძე.
მამრაძე იხსენებს, რომ ედუარდ შევარდნაძე ინაუგურაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ზოგად მითითებას იძლეოდა ხოლმე:
პირველ რიგში, ეს იყო სისადავე. ყველაფერს აქვს საზღვარი ამ ქვეყნად, ერთადერთი, რაც არის უსაზღვრო, არის ქართული პროვინციალიზმი – იცოდა ხოლმე ამ სიტყვების თქმა, შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძე არ დაუშვებდა ისეთ ღონისძიებებს, რომელიც განსაკუთრებულ ფინანსურ რესურსთან იქნებოდა დაკავშირებული. ის მივიდა მცხეთაში, სვეტიცხოველში, სადაც დალოცა პატრიარქმა, და მივიდა ასევე მთაწმინდაზე, ილია ჭავჭავაძის საფლავთან, მაგრამ ეს იყო სიმბოლური ჟესტი და არანაირ თანხებს არ ითხოვდა სახელმწიფოსგან - თქვა მამრაძემ.
საქართველო პრეზიდენტების ინაუგურაციების შესახებ სრული მასალის წაკითხვა შესაძლებელი იქნება გაზეთ პრაიმტაიმის ორშაბათის ნომერში.